"ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ჩანაწერის ფიგურანტი განმარტებებს აკეთებს

"ქართული ოცნების" მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერის ფიგურანტი ნინო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის სხდომას არ დასწრებია და არც იმ ადამიანთან აქვს კავშირი, რომელიც ჩანაწერში ასევე ფიგურირებს:   

"მსგავსი არაფერი ყოფილა. სალომეს ჭალიძეს, თუ ჭელიძეს სულ რამდეიმეჯერ ვარ შენახვედრი და ამ თემაზე ვერც და არც ვისაუბრებდი. რამოდენიმე დღეა, ვიმყოფები ზუგდიდში, ვაკვირდები საარჩევნო უბნებს, რამოდენიმე ადგილზე ძალიან ბევრი დარღვევა აღმოვაჩინე: უბნებზე სამაგიდო სიების გადაცემა, სიები, ბეჭდები უპატრონოდ ეყარა, აქედან გამომდინარე, ყელში ვყევარ ეტყობა გაჩხერილი დღევანდელ ხელისუფლებას, სავარაუდოდ, დღევანდელი არჩევნების გაყალბებას გეგმავენ და ყველანაირ ხრიკს მიმართავენ. მინდა, ბატონ თალაკვაძეს მივმართო, იქნებ დაწყნარდეს და მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან თავი შეიკავოს. მე მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს". 

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" ფარულ აუდიო–ჩანაწერი გამოაქვეყნა.

"საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა.

გუშინაც და ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა. როგორც ჩანს, მიუხედავად ამომრჩეველთა პოლარიზებისა, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია.

სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს "ნაციონალური მოძრაობის" სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი - მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს. ბუნებრივია, ეს აუდიოჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება.

თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ - ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ უნდა „აადუღონ ზუგდიდი“, „აადუღონ აჭარა“ შემდგომ კი მთელი საქართველო",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და კანონდარღვევა უპასუხოდ არ დარჩება. 


გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთ ლიდერ თინა ბოკუჩავა ჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვს.   

"ერთ–ერთ მათგანს ვიცნობ, მაგრამ მათ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან შემხებლობა არ აქვს. მე შტაბის წევრი ვარ, ვესწრები ყველა სხდომას. მოვუწოდებთ, გამოიძიონ და დაადგინონ ჩანაწერის ავთენტურობა, ჩვენ ხელს არავის ვაფარებთ. მაგრამ, როდესაც გახარია, მდინარაძე და თალაკვაძე გვესაუბრებიან პროვოკაციაზე, ეს ცინიკურია, რადგან სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა ძალადობის ფონზე".  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის კურსი 19 სექტემბერს