წნელისის კრიზისი: შედგება თუ არა “საზღვრის” თემაზე არაფორმალური შეთანხმება?

გასული კვირიდან როგორც თბილისში, ისე ცხინვალში ბევრის ყურადღება დე ფაქტო საზღვარზე შექმნილი ვითარებისკენაა მიპყრობილი. გადაიზრდება თუ არა ახალი საგუშაგოების  განთავსება კრიზისში და როგორია მისი პერსპექტივები? გთავაზობთ ამ თემაზე ადგილობრივი და რუსი ექსპერტების მოსაზრებებს.

რუს პოლიტოლოგ ალექსეი მალაშენკოს არ სჯერა, რომ დაძაბულობა კიდევ გაიზრდება და სერიოზული ნეგატიური შედეგები ექნება. მისი შეფასებით, პრობლემა უფრო ლოკალური ხასიათისაა და მისი გაზვიადების სურვილი არც საქართველოს აქვს, არც რუსეთს:

“თუ რეაგირების გარეშე დატოვებ, თითქოს სისუსტეს იჩენ, მაგრამ თუ რეაგირებისას გადაამეტებ, სისულელეს ჩაიდენ. ამდენად, რეაგირება აუცილებელია, თუმცა ძალის გამოყენებას ან თუნდაც დაძაბულობის ესაკალაციას არავინ აპირებს – ახლა შესაფერისი მომენტი არ არის რაღაცის რაღაც მიზნით გამოყენებისთვის და ვფიქრობ, პოლიტიკოსებს ეს ესმით. 

– ფიქრობთ, წნელისსა და წინაგართან ქართული  საგუშაგოები ადგილზე დარჩება?

– ვფიქრობ, ამხანაგებს უბრალოდ აუხსნიან, “ჩააჩოჩეთ საგუშაგოებიო”.

რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი ასევე თვლის, რომ გამწვავება ამ ეტაპზე არავის აწყობს. რაც შეეხება საკუთრივ საგუშაგოს განთავსებას, მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი გამოიყურება, როგორც ქართული მხარის ერთგვარი განაცხადი, «მოდით, განვიხილოთ, სად უნდა გაიაროს საზღვარმაო» და “საქართველო შესაძლოა,  არაფორმალურ შეთანხმებაზე წავიდეს”:

«საქართველო  სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დემარკაციას აპროტესტებდა და ამავდროულად უარს აცხადებდა მომავალი სასაზღვრო ხაზის ტრაექტორიის შესახებ წინადადებების განხილვაზე. ახლა კი ქართულმა მხარემ, არსობრივად, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმის შესახებ, როგორ უნდა გაივლოს ეს ხაზი: როცა სადმე საგუშაგოს დგამ და ამბობ, “ეს ჩვენიაო”, ესე იგი, უკვე დიალოგში ხარ ჩაბმული იმის შესახებ, სადაა შენი და სად სხვისი.

– თუ მსგავსი განხილვები დაიწყება, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში გაყოფილი ქართული სოფლებისა და მიმდებარე ტერიტორიების თემა. ფიქრობთ, ოსური მხარე მზადაა, ამ კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებს გადახედოს?

– დიდი ხანია, მესმის, რომ ოსური მხარე მზადაა [ე.წ. სასაზღვრო თემების] არაფორმალური განხილვისთვის – არაფორმალურისთვის იმისთვის, რათა ამ განხილვას ქართული მხარისთვის არასასურველი სტატუსი არ მიენიჭოს. ასე, რომ კითხვა იმაში მდგომარეობს, როგორი იქნება ქართული მხარის პოზიცია».

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა ხვალ, 6 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

"შეხვედრაზე ჩვენ კვლავ ძალზე მკაცრად დავაყენებთ სოფელ წნელისში უკანონო ქართული საგუშაგოს განთავსების საკითხს. ჩვენი პოზიცია მტკიცეა და ნათელი: საგუშაგო უპირობოდ და ცალსახად უნდა გაუქმდეს", - აღნიშნა ჯიოევმა.

ორიოდ დღის წინ იგივე ჯიოევი აცხადებდა, რომ ოსური მხარე ქართულს საგუშაგოს გაუქმების შემდეგ “ოსური წნელისიდან ქართულ ჩორჩანამდე” ტერიტორიის უსაფრთხოების ზონად გამოცხადებას სთავაზობდა.

"უკვე წლებია, ქართულ მხარეს ჩვენს შორის სახელმწიფო სასაზღვრო ხაზის გავლების საკითხების განხილვას ვთავაზობთ, თუმცა ის არ გვთანხმდება. ამჯერად ვსაუბრობთ საზღვრის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე, თუმცა ჯერ-ჯერობით ქართული მხრიდან თანხმობას ვერ ვაღწევთ. მიუხედავად ამისა, ვაგრძელებთ კონტაქტებს და ძალისხმევას ჩვენს ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული საგუშაგოს გასაუქმებლად", - დასძინა ჯიოევმა.

ქართული მხარის პოზიცია კი უცვლელია. კერძოდ, როგორც ოსურ მხარესთან ტექნიკური შეხვედრის შემდეგ და მანამდეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ჩორჩანაში განთავსებულია სტანდარტული პოლიციური საგუშაგო და ოფიციალური თბილისი მის არც მოხსნას და არც სხვაგან გადატანას არ განიხილავს, თუმცა მზადაა, განაგრძოს დიალოგი ვითარების დეესკალაციისთვის, რასაც მხოლოდ ნება სჭირდება.

5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ წნელისის სიახლოვეს ოსური საგუშაგოს მოწყობას შეუდგა, რომელიც ქართული საგუაგოს 1,7 კმ-ით არის მოშორებული. 

"სასაზღვრო საგუშაგო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო ზოლზე, 944,8 სიმაღლეზეა განთავსებული, რომელიც სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენს. იგი ხელს შეუშლის საქართველოს მცდელობებს, ამ მონაკვეთზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილზე კონტროლი დაამყაროს. საგზაო სამსახურები გრუნტის გზის გაწმენდას უკვე შეუდგნენ, რათა სასაზღვრო საგუშაგოს სრულფასოვანი ფუნქციონირება იყოს  უზრუნველყოფილი” - ნათქვამია დე ფაქტო  უშიშროების კომიტეტის  განცხადებაში.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები