ლევან დავითაშვილი: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა მიმდინარე წელს 8 %-ით გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში დაცული ტერიტორიების განვითარებაზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემისა, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 8%-ით, ხოლო შემოსავლების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდაზე. ბოლო წელს, ტერიტორიების ფართობი 11%-ით გაიზარდა და სამომავლოდ დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდა დაახლოებით 100 000 ჰა-თი იგეგმება. აღსანიშნავია, რომ 4 დაცული ტერიტორია საქართველოდან პირველადაა წარდგენილი იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად.

ლევან დავითაშვილის თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ბოლო წლებში ამ მიმართულებით 20 მლნ ლარი დაიხარჯა.

საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა რომ დაცული ტერიტორიების განვითარება განსაკუთრებით კარგად აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე, რადგან ტურისტების რაოდენობის ზრდით უმჯობესდება მათი ცხოვრების დონე.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვერონა-შუამთის მონაკვეთზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი