,,ჩვენი მუშაობის სწორი პოლიტიკისა და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგად, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით ხელშესახები შედეგები უკვე სახეზეა“

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს უსმენენ.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მდგრადი და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის, ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების, აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდის უზრუნველყოფაზე, ასევე სასურსათო უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების მნიშვნელობაზე.

,,ჩვენი მუშაობის სწორი პოლიტიკისა და თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგად, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით ხელშესახები შედეგები უკვე სახეზეა. ეს არის ორი ძლიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ქვეყნისთვის. გარემოსდაცვითი მოთხოვნები, რამდენადაც დიდ ფინანსურ ხარჯებს არ უნდა ითვალისწინებდეს,  არის ჩვენი საკონსტიტუციო უფლება და მნიშვნელოვანია. 

გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით უმნიშვნელოვანესია, აღინიშნოს, რომ  2018 წელს, მივიღეთ გარემოსდაცვითი მოქმედებათა ეროვნული პროგრამა, ეს არის მესამე „ნეაპი“, რომელიც განსაზღვრავს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს და მასში კონსოლიდირებულია ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები, ევროკავშირით განსაზღვრული დღისწესრიგი, კონვენციებით აღებული ვალდებულებები და ჩვენი ეროვნული ინტერესები. 

2018 წლიდან, საქართველოში ამოქმედდა გარემოს ზემოქმედების შეფასების და სტრატეგიული გარემოს შეფასების ახალი პროცედურები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გარემოსდაცვითი პოლიტიკის და მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ, უკვე დავიწყეთ გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სადაც განახლებული მიდგომებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა  კანონით  არის გარანტირებული. ჩვენ გვაქვს ძლიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც უკავშირდება გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების ანგარიშს, რომელიც 2014-2017 წლებს მოიცავს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის ცვლილებების ეროვნულ დონეზე განსაზღვრული დოკუმენტი 2021-2030 წლისთვის დამტკიცდება. იგეგმება სამრეწველო ობიექტებისთვის ინტეგრირებული სანებართვო სისტემის დანერგვა, რითაც მათ დაუდგინდებათ გაფრქვევების თანამედროვე ევროპული ნორმები. 

ჩამოყალიბდება ერთიანი ეროვნული სისტემა. ასევე ვგეგმავთ, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობების ახალი კანონის მიღებას, მაღალი პრინციპების მიხედვით, რომელიც მოახდენს  გარემოსდაცვითი კუთხით არსებული  პრობლემის პრევენციას. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს  მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც უკავშირდება რამდენიმე გარემოსდაცვით მიმართულებას. 

უნდა აღინიშნოს, რომ წყალთან დაკავშირებით მომზადდა ახალი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში სააუზო მართვის სისტემას შემოიღებს.  იმედი გვაქვს, აღნიშნულ კანონპროექტს, მომავალი ერთი წლის განმავლობაში პარლამენტი დაამტკიცებს. ამასთან, შევქმენით ახალი ლაბორატორია, რომელიც წყალზე და ნიადაგზე მუშაობს და  რომელმაც უკვე მიიღო აკრედიტაცია. ამასთანავე,  ფართოვდება ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებზე მონიტორინგის არეალი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას, მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ნარჩენების მართვის პოლიტიკაზე. 

„საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს პლასტიკის პარკების გამოყენებაზე აკრძალვა. ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიმდინარე ან მომავალ წელს იგეგმება აღნიშნული რეგულაციის დანერგვა. ახალი რეგულაციით, ჩვენ შევძელით, ქვეყანაში  პლასტიკის გამოყენების შემცირება.  ამან მომხმარებელში, ფაქტობრივად, ახალი ქცევა დაამკვიდრა. ცნობისათვის, საქართველოში დაახლოებით ასობით ცელოფნის პარკი მოიხმარებოდა, როდესაც  ევროპაში  ეს მაჩვენებელი 10-15 შეადგენს. მნიშვნელოვანია, ნარჩენების პოლიტიკის მიმართულებით, ახალი რეგულაციების აღნიშვნაც. ეს არის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემოღება, რაც უზრუნველყოფს მწარმოებლების პასუხისმგებლობის გაფართოებას. აღსანიშნავია, რომ იგეგმება ნარჩენების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის რეგულირების კუთხით ახალი კანონპროექტის შემუშავება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგოც ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,  2018  წელს, საქართველოში დაიწყო მასშტაბური კვლევა თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად.

ამასთან, 2018-2019 წლებში,  ქვეყნის მასშტაბით, 200  ლოკაციაზე,  მათ შორის, სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია. 

2018 წელს,  გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და  ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია. დაინერგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების  ევროპული სტანდარტები, განახლდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. 

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გარდა ჰაერში ტყვიის მონიტორინგისა, 2018 წელს, მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გააქტიურდა ბენზინში ტყვიის შემცველობის სახელმწიფო კონტროლი. 2018 წელს 143 ავტოგასამართ სადგურზე 250-მდე საწვავის სინჯი იქნა აღებული. არც ერთ სინჯში ტყვიის შემცველობა არ დაფიქსირებულა. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი - air.gov.ge, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მონიტორინგის სისტემა არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს სუფთა ჰაერი, განვსაზღვროთ დაბინძურების წყაროები.  მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, გამკაცრდება სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციები და დაინერგება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ახალი სისტემა. ასევე,  დადგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გაფრქვევის ევროპული ნორმები, შეიქმნება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა და  გაფართოვდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა