ლევან დავითაშვილი: „კოოპერაცია არის ევროპული გზა, სწორი და უალტერნატივო პრაქტიკა“

ლევან დავითაშვილი: „კოოპერაცია არის ევროპული გზა, სწორი და უალტერნატივო პრაქტიკა“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა   საკომიტეტო მოსმენაზე,  პარლამენტარების კითხვებზე პასუხად განაცხადა, რომ  კოოპერაცია აუცილებელი ინსტრუმენტია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.  

,,კოოპერაცია არის ევროპული გზა, სწორი და უალტერნატივო პრაქტიკა. ამიტომ, ჩამოვაყალიბეთ ახალი ინსტიტუტი -  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, რომელშიც შევიდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოც. ეს არ ნიშნავს, კოოპერაციის მნიშვნელობის შესუსტებას და ჩვენი დამოკიდებულების შეცვლას. პირიქით, ახალი ძლიერი სააგენტო, რომელსაც მეტი ტექნიკური  რესურსი ექნება, უკეთესად შეძლებს იმ მიზნების მიღწევას, რაც პირველ რიგში, კოოპერატივების მდგრადობის შენარჩუნებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


ლევან დავითაშვილი: „წელს რთველი წარმატებით  ჩაივლის და ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენციები შენარჩუნებული იქნება“

„წელს, გასული წლების მსგავსად, რთველის საკოორდინაციო შტაბის ორგანიზებულად მუშაობს, მობილიზებულია ადამიანური და ტექნიკური რესურსი. ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პროცესში ორგანიზების, მოსავლის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის კუთხით არის ჩართული. საწარმოებში ჩაბარებული ყოველი კილოგრამი ყურძენი აღირიცხება, რაც მიკვლევადობისა და ღვინის ხარისხის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია. 

კოორდინირებულად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესი, რათა ფერმერებს არ შეექმნათ პრობლემები. რაც შეეხება ყურძნის ფასს, გარკვეული ოპოზიციური ძალების მხრიდან გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. მიუხედავად  ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან, რუსულ ბაზარზე პოტენციური შეფერხებების გამო  შექმნილი უარყოფითი მოლოდინებისა, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ  რქაწითელის ფასი 70 თეთრზე ნაკლები არ იყოს. უნდა აღინიშნოს, რომ  სხვადასხვა მიკროზონაში,  ხარისხის მიხედვით,  ყურძნის ფასი კიდევ უფრო მაღალია.  რაც შეეხება კახურ მწვანეს, ამ შემთხვევაში ფასი 90 თეთრიდან იწყება. საფერავის ჯიშის ყურძნის შემთხვევაში, ფასი მინიმუმ 1.5 -1.7 ლარს,  ხოლო კონკრეტულ მიკროზონებში, ხარისხის შესაბამისად, 1.85 – 2 ლარს შეადგენს. 

რთველი სრულად სამეურნეო პროცესია და რთველის კონტექსტში, პოლიტიკური განცხადებები და სპეკულაციები მიუღებელია.  2019 წლის რთველი წარმატებით  ჩაივლის და ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენციები შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა   საკომიტეტო მოსმენაზე პარლამენტარების კითხვებზე პასუხად.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს