უნგრეთის პრეზიდენტი– პატრიარქს: "მეგონა, ვერაფრით გამაკვირვებდნენ, მაგრამ გაკვირვებული ვარ"

პირადად მე და ჩემი დელეგაცია ძალიან ვემზადებოდით თქვენთან შეხვედრისთვის, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოშ ჰერმანმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა.

პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტი საპატრიარქოში მიიღო. საპატრიარქომდე ადერი ეროვნული მუზეუმში იმყოფებოდა. მან ილია მეორეს მიწვევისა და მიღებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას მოგახსენებთ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა აქ მოვსულიყავით და მიგვიღეთ. ჩემი დელეგაციიდან წევრებიდან მხოლოდ ერთი კოლეგაა საქართველოში ნამყოფი, ისიც სტუდენტობის დროს, ბევრი წლის წინ. შემიძლია,  დაგარწმუნოთ, რომ მე პირადად და დელეგაცია ძალიან ვემზადებოდით შეხვედრისთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში სახელმწიფო რელიგია უკვე დამკვიდრებული იყო, როცა ჩვენ ძალიან შორს ვიყავით. შეიძლება იცით, რომ ერთი-ორი საათის წინ მოვინახულეთ ეროვნული მუზეუმი, სადაც ბოლო სართულზე მოიპოვება საბჭოთა ოკუპაციის ექსპონატები. მოვინახულეთ ბევრი ექსპონატი, მათ შორის ვიდეოჩანაწერები. ვნახეთ სურათიც, სადაც ეკლესიის ჯვარს აგდებენ და დამებადა კითხვა, რამხელა დანაკარგი განიცადა ეკლესიამ საბჭოთა ოკუპაციის დროს“, – აღნიშნა, საზმაუს ცნობით, უნგრეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, შეხვედრაზე პატრიარქმა უნგრეთის პრეზიდენტის მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა და სტუმრებს მის მიერ დაწერილი „ავე მარია“ მოასმენინა.

იანოშ ადერმა პატრიარქს თავისი და ასევე მეუღლის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაკვირვებულია.

„დაახლოებით 35 წელია, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვეწევი და მეგონა,  ვერაფრით გამაკვირვებდნენ, მაგრამ გაკვირვებული ვარ. ჩემი მეუღლის სახელითაც მადლობას გიხდით, რომ მოგვილოცეთ იუბილე. მადლობა კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ადერმა.

პატრიარქმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ამასთან, ილია მეორემ ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთმა 2020 წელი ოჯახის ფასეულობის წლად გამოაცხადა.

„მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია. მითხრეს, რომ დღეს არის თქვენი მეუღლის დაბადების დღე. გულითადად ვულოცავ მას.

ჩვენ დიდებულად ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას. 2020 წელი გამოაცხადეთ ოჯახის ფასეულობის წლად.

საქართველოს ეკლესია უძველესი ეკლესიაა. ჩვენთან ქრისტიანობა პირველ საუკუნეში მოციქულებმა იქადაგეს, მეოთხე საუკუნეში კი უკვე სახელმწიფო რელიგია გახდა.

ჩვენ გვაქვს კავშირი მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან. ჩვენთან სტუმრად იყვნენ რომის პაპები – იოანე პავლე მეორე და პაპა ფრანცისკი.

ასე რომ, თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ ყურადღებისთვის, რასაც აქცევთ სოფლის მეურნეობას. ეს ძალიან დაგვეხმარება ჩვენ განვითარებაში. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ უჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გისურვებთ დიდ წარმატებას, ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს“, – აღნიშნა ილია მეორემ.

იანოშ ადერი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გუშინ ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, ასევე შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ