მედოევი: “შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმებით მოცემულ გარანტიებს გამოვიყენებთ”

“საქართველოს კურსი აშშ-სა და რიგ ევროპულ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობაზე დაძაბულობის ახალ ტალღას იწვევს და შეუძლია, ააფეთქოს 2008 წელს დამყარებული მშვიდობა”, - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა გამოცემა «Cumhuriyet»-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მხარეთა მიერ ბოლო პერიოდში დე ფაქტო საზღვრის მიდამოებში ახალი საგუშაგოების გახსნის საკითხზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ “ოსური მხარე ამ საკითხში რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ სამართლებრივ ბაზას უნდა ეყრდნობოდეს”:

“სამწუხაროდ, 1922 წელს ოსეთი გაყოფილი აღმოჩნდა ბოლშევიკების მიერ სამხრეთ დს ჩრდილოეთ ნაწილებად, სამხრეთი ახლადჩამოყალიბებული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიყვანეს, ჩრდილოეთი – რუსეთის ფედერაციის. ჩემი აზრით, ამ საკითხში იმ სამართლებრივ ბაზას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც არსებობს რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში”. 

მედოევის თქმით, “2008 წლის აგვისტოს შემდეგ ამიერკავკასიის პოლიტიკური რუქა შეიცვალა”:

«სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ საქართველოს აგრესიული პოლიტიკის შედეგად წარმოიშვა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკები. სწორედ ესაა ახალი ამიერკავკასიური რეალობა, თუმცა საქართველოს და მის დასავლელ მეგობრებს არ სურთ, მას ანგარიში გაუწიონ”.

მედოევის თქმით, “ოსური მხარის პოზიცია ეფუძნება ესკალაციის დაუშვებლობის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში ყოველგვარი აგრესიისა და ძალისმიერი ზეწოლის გამორიცხვის აუცილებლობას”:

«ვთვლით, რომ საქართველოს კურსი აშშ-სა და ევროპის რიგ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობაზე დაძაბულობის ახალ ტალღას ქმნის და შეუძლია, ააფეთქოს 2008 წელს  დამყარებული მშვიდობა. საქართველოს მილიტარიზაციას ყოველთვის მოჰქონდა ქაოსი მთელს რეგიონში, ომები და ნგრევა, მათ შორის – თავად საქართველოსთვის”.

მისივე თქმით, “რუსეთის ფედერაციასთან “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” 2015 წლის შეთანხმება, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ფორმირებას ითვალისწინებს და მისით მოცული  მოკავშირის სტატუსი თავდაცვის ერთიანი სივრცის ფორმირებასთან ერთად სამხრეთ ოსეთს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცულობით უზრუნველყოფს”. 

“ბოლო დროს შექმნილი დაძაბულობის გათვალისწინებით, ეს შეთანხმება განსაზღვრავს კოლექტიური თავდაცვისა და აგრესიის ერთობლივი მოგერიების უფლებას იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე თავდასხმის მსხვერპლი გახდება” - დასძინა მედოებმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა