სტივენ ქეი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე:"იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა"

„ნამდვილად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა,“ - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის უცხოელმა ადვოკატმა სტივენ ქეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე პოლიტიკური თანამდებობის პირები საჯარო განცხადებებს აკეთებენ, რაც არასწორია.


უცხოელი ადვოკატის შეფასებით, ამ საქმეს პოლიტიკური ნიშნის გარდა, უჩვეულობაც ახასიათებს. სტივენ ქეის განცხადებით, 11 წლის წინანდელი ტრანზაქცია, რომელიც სათანადო აუდიტს დაექვემდებარა და რომლის შესახებაც ეროვნულმა ბანკმაც იცოდა, სისხლის სამართლის წარმოების დასაწყებად საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს.


„ეს საქმე უჩვეულოა იმიტომ, რომ 11 წლის განმავლობაში ამ პირების წინააღმდეგ არანაირი სისხლის სამართლის წარმოება არ აღძრულა მიუხედავად იმისა, რომ პროკურორებს ამის შესაძლებლობა ჰქონდათ. ეს ტრანზაქცია არ იყო ფარული ხასიათის. მის შესახებ ცნობილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. გარდა ამისა, ამ ტრანზაქციის შესახებ ცნობილი იყო ცნობილი საერთაშორისო აუდიტორი კომპანიისთვის. ეს ტრანზქცია ამ ორი ბატონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოების დაწყების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს. ეს არის ტრანზაქცია, რომელიც დაექვემდებარა სათანადო აუდიტს. საკმაოდ უჩვეულო იყო მათ წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდების წაყენება.


როგორც საერთაშორისო სისხლის სამართლის ექსპერტი, ამ საქმეზე წარმომადგენლად ვიყავი მოწვეული. გვაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესი, რამდენად სათანადოდ მიმდინარეობს პროცესები და რასაკვირველია, დაინტერესებული ვართ, რომ ვაწარმოოთ დაკვირვება იმ ადამიანებზე, ვინც ამ ბრალდებებით გამოდიან. თავად კონტექსტიც საკმაოდ უჩვეულოა, რადგან როდესაც გავეცანი საქმის მასალებს, ვნახეთ, რომ ოფიციალურ თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსები საჯარო განცხადებებს აკეთებენ. ისე ჩანს, რომ მათ საკმაოდ დეტალური ცოდნა აქვთ ამ საქმის თაობაზე. ნამდვილად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს არ არის კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისი. საჭიროა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, ეს საქმე არ უნდა იყოს პოლიტიკოსების მიერ განხილვის საგანი,“ - განაცხადა სტივენ ქეიმ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ