ცხინვალმა მოსკოვს "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დაცულობის უზრუნველყოფა" სთხოვა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭოსადმი მომართვა მიიღო, რომელშიც "ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრების დაცულობის უზრუნველყოფას" ითხოვს.

ეს ნაბიჯი ოსურმა დე ფაქტო პარლამენტმა 24 აგვისტოს ქართული მხარის მიერ სოფელ წნელისის მიდამოებში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებით მიიღო.

ცნობისთვის: დღეს მხარეებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საგუშაგოს საკითხზე  რიგით მეოთხე შეხვედრა გამართეს, თუმცა შეთანხმებას კვლავ ვერ მიაღწიეს და მომდევნო შეხვედრა ერთ კვირაშია დაგეგმილი.

როგორც დე ფაქტო პარლამენტის მიმართვაშია აღნიშნული, "“საქართველოს მხრიდან მორიგი ექსპანსიის ობიექტად ქცეული ტერიტორიის [წნელისის მიდამოების] სამხრეთ ოსური კუთვნილება დასტურდება “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ჩამოყალიბების შესახებ” 1922 წლის 22 აპრილის დეკრეტითა და საარქივო მასალებით”.

“საქართველოს მიერ თავს მოხვეული მორიგი სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გზით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გადაჭრის მცდელობები ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო შედეგს ვერ აღწევს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კი, რომელიც მოლაპარაკებებზეა წარმოდგენილი, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის 2008 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული მემორანდუმის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად უარს აცხადებს ამ დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ძალის არგამოყენების პრინციპის დაცულობა უზრუნველჰყოს” - აღნიშნულია მიმართვაში.

ოსი “დეპუტატები” რუს კოლეგებს ცხინვალსა და მოსკოვს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” 2015 წელს გაფორმებული შეთანხმების პირობებს შეახსენებენ და რუსულ მხარეს მიმართავენ თხოვნით, ამ “დოკუმენტის” საფუძველზე “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების ურღვევობა უზრუნველჰყოს”.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საბურთალოზე ორი მოტოციკლი და ერთი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები