"სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები აშკარაა"

არჩევნებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე,– ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 


მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, სამწუხაროდ, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილი აქვს როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ისე დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს.

რამდენიმე ფაქტზე პოლიციამ უკვე მოახდინა რეაგირება - ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს, აღკვეთოს სამართალდარღვევები ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.

ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები, სახეზეა მათ შორის პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა და ურთიერთდაპირისპირებები, მათ შორის ე.წ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით",– განაცხადა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებს თუ დამკვირვებლებს, დაიცვან კანონი და ნუ მოახდენენ სიტუაციის ესკალაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მეზვრიშვილი ამბობს, "პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პროვოკაციის და დაპირისპირების პრევენცია და საარჩევნო პროცესი გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში".

"პოლიციისთვის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს სამართალდარღვევას ან დანაშაულს, ყველას მიმართ რეაგირება იქნება შესაბამისი,“ -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp