ძველი გზა 2020 წლისკენ – გახარია ახალი იმიჯით

მას შემდეგ, რაც „ევროპულმა საქართველომ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავდაპირველი გადაწყვეტილება შეცვალეს და გადაწყვიტეს, ფრაქციების ფორმატში მოესმინათ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიასთვის, იყო მოლოდინი, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესი სიმწვავეს შეიძენდა, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა მოლოდინს გადააჭარბა. საქმე მუშტი–კრივამდე არ მისულა, რაც უცხო არ არის ქართული პოლიტიკისთვის, თუმცა დღეს შეურაცხყოფების გარეშე არ ჩაუვლია. არც ესაა უცხო ქართული პოლიტიკისთვის, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მსგავს აგრესიულ რიტორიკაში პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია მანამდე შემჩნეული არ ყოფილა.

დღის დასამახსოვრებელი ფრაზები:

ისმოდა დღეს პრემიერობის კანდიდატისგან პოლიტიკური ოპონენტების მისამართით. მეტიც, თუ მანამდე ამბობდა, რომ ოპოზიციამ ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გამოიყენა, დღეს მათთან დებატებისას, აქციას ოპოზიციის მიერ ორგანიზებული უწოდა. ამ ვიზიტისგან სიახლე კი გარდა გახარიას ახალი აგრესიული იმიჯისა, რაც უფრო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ და ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის არის დამახასიათებელი, ისაა, რომ შსს–მ აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას დაახლოებით 800 რეზინის ტყვია გამოიყენეს; სერგეი გავრილოვს კი, როგორც გახარია ამბობს, საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობს, ხოლო რაკეტისებრ რეზინის ტყვიებს საჭიროების შემთხვევაში კვლავ გამოიყენებენ.

როგორც ჩანს, პრემიერობის კანდიდატს უკმარისობის გრძნობა დაუტოვა სესიებზე განვითარებულმა მოვლენებმა და მინისტრობის კანდიდატებიდან მხოლოდ მან ისურვა პოლიტიკური შეფასების გაკეთება ჟურნალისტებთან, თუმცა აგრესიული ტონალობაც შეინარჩუნა. ეს ეხებოდა როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, ისე TBC–ს დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების განცხადებებს „გახარიას წერილის“თაობაზე:

"ნაციონალური მოძრაობა" უბრალოდ გაიქცა დარბაზიდან, მათმა ფილიალმა – "ევროპულმა საქართველომ" უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი, მათ საერთოდ არ აინტერესებდათ პასუხები. მათი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ტყუილების დაფიქსირება...ეს არის ერთი ჯგუფი, რომელიც სიცრუეზე დაფუძნებით ცდილობს ჩვენს საზოგადოებაში მოდელირებული რეალობით შექმნას გარკვეული ემოციური დაძაბულობა, გარკვეული რევოლუციური მოლოდინები, რის საშუალებასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ. პრობლემაა კიდევ ის, რომ შეუძლებელია ქვეყნის პოზიტიური განვითარება, როდესაც ასეთი ოპოზიციაა, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, რომელსაც არ შესწევს უნარი, შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვიდეს და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებული რეალობით და ტყუილებით ცდილობენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას. და რაც მთავარია, მიკროფონის ხელში ჩაგდებით არ გაძლევენ საშუალებას, უბრალოდ უპასუხო. თქვენ წარმოგიდგენიათ, ხვალ ეს ხალხი რომ იყოს ხელისუფლებაში? მაშინ, როდესაც ისინი ჩვენ მედია თავისუფლებაზე გველაპარაკებიან, დღეს უბრალოდ, ტელემაყურებლები ნახავენ, რომ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდნენ და შექმნეს რაღაც გაურკვეველი ფორმატი".

გახარიას დღევანდელ იმიჯში ტექნოლოგიური დაკვეთის კვალს ხედავს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, თუმცა მისი დაკვირვებით, მომავალი პრემიერ–მინისტრი გარკვეულწილად „აფექტის მდგომარეობაში მთლად წელში გამართულად ვერ გამოიყურებოდა.

„ეს მისი ძლიერი მხარე არაა. მისი ძლიერი მხარე სწორედ რომ სიმშვიდე და დამაჯერებლობა იყო. დღეს კი ისტერიული გახარია ვნახეთ“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ხუხაშვილი.

პოლიტოლოგს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ გზით მმართველი გუნდი დღის წესრიგში „შუა გაკრეფის“ ისტორიას აბრუნებს“:

„სურთ, წარმოაჩინონ, რომ სამყაროში მხოლოდ ორი ძალაა: ენმ და „ქართული ოცნება“ და ამ დაპირისპირებაზე სურთ ყველაფრის გათამაშება – ენმ–ს გინების ხარჯზე სურთ ძალაუფლების შენარჩუნება. ეს ძალიან სუსტი და არასახელმწიფოებრივი პოზიციაა. მეორე ამოცანაა, მთელი დაგროვილი აგრესიის ივანიშვილისგან გახარიაზე გადატანა. ის იღებს ამ ნაგავს თავის თავზე. ყველა ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს. უნდა ამ ნაგვის აღება? აიღოს“.

მას იმედი აქვს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა საზოგადოებას იგივე კამპანია შესთავაზოს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში:

„გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა გზა არ აქვს და შეეცდება, არ დაუშვას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირების კარტი გაათამაშოს. მაგრამ ვფიქრობ, დღეს უკვე ისეთი მოცემულობაა, რომ ეს ძალიან გაჭირდება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შეუძლებელი იქნება. ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ გზის სისწორეში დარწმუნებულები არიან, უბრალოს სხვა არაფერი გააჩნიათ: სოციალურ პრობლემებს ვერ წყვეტენ, პოზიტიურ დღისწესრიგს ვერ ქმნიან, საგარეო რისკების გადაწყვეტის გაგებაში არ არიან“.

დღევანდელი დღე მოულოდნელი არ ყოფილა პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის.

„ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროგრამა ახალ აღმოჩენებს არ შეიცავს: ტრაფარეტული პროგრამაა. კონსტიტუცია მოითხოვს პროგრამის წარმოდგენას და იძულებულნი გახდნენ, წარმოედგინათ. ძალები გადანაწილდა, ახალი პრემიერი ჰყავთ და რაღაც ახალი უნდა შესთავაზონ საზოგადოებას და გვთავაზობენ იგივეს, რასაც ამ 7 წლის განმავლობაში გვთავაზობენ – ისინი [ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიცია] ეცდებიან, საარჩევნო წელი არჩევნებამდე ამ ორი ძალის დაპირისპირებისა და მაქსიმალური დაძაბულობის ფონის შექმნით. ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ გაანადგურებენ, „ქართული ოცნება“ კი პირიქით.  ორივე ძალა ამ მაქსიმალური დაპირისპირების ფონზე სტატუს–კვოს შენარჩუნებას შეეცდება და იმას, რომ ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენა არ დაუშვან. აქ მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საარჩევნო კოდექსი, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ის, პოლიტიკური პროცესი მათი დაპირისპირების ფონზე წარიმართება“,– აცხადებს "აქცენტთან" საუბრისას ძაბირაძე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ავიაბაზას ქმნის