სკანდალური შეწყალება – პრეზიდენტი დუმილს არღვევს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 აგვისტოს განხორციელებული სკანდალური შეწყალებისა და ერთკვირიანი დუმილის შემდეგ, რაც პოლიციელის მკვლელის პატიმრობიდან გათავისუფლებაში გამოიხატა, განცხადებას ავრცელებს, თუმცა საკმაოდ მოცულობით კომენტარში ის არ საუბრობს, რა გარემოებების გათვალისწინებით გამოიცა მსგავსი აქტი. პრეზიდენტი ამბობს, რომ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი თავადაა, თუმცა არ ამბობს, კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა.

ის საუბრობს პოლიციის მიმართ მის დამოკიდებულებაზე, ზოგადად, შეწყალების აქტის მნიშვნელობაზე და არა იმაზე, ვისთან შეთანხმდა მსგავსი სკანდალური გადაწყვეტილება, იყო თუ არა ინფორმირებული საქმის დეტალების შესახებ.  შესაბამისად, მიუხედავად ერთკვირიანი დუმილის დარღვევისა, კონკრეტულ "ქეისთან" დაკავშირებით დასმულ კითხვებს ის უპასუხოდ ტოვებს. 

„როგორც საზღვარგარეთ ვიზიტის დროს დავაანონსე, შეწყალების აქტის გამოცემის შედეგად შექმნილ ვითარებაზე კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გავაკეთებდი.

შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება. თუმცა, ჩემთვის ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა, რომ ჩემს მიერ გამოცემული შეწყალების აქტი, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა.

და ბოლოს, ზოგმა რეაქციამ კითხვის ქვეშ დააყენა პოლიციის ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია ამ საკითხზე ჩემი კატეგორიული და ურყევი პოზიციის გამოხატვა, რაც არაერთხელ გამიკეთებია ყველაზე საჭირო მომენტებში.

არაერთხელ განვაცხადე, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენი პოლიციელების ერთგულებაზე და თავდადებაზე არის დაფუძნებული. ამიტომ, თუ ჩემი გადაწყვეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხედებაში.

ცნობისთვის: 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოჭიდავე რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა კიდევ 33 პატიმართან ერთად.

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

თარაშ მუკბანიანი 2014 წლის დეკემბერში მოკლეს ბათუმის ღამის კლუბ „ლეგასში.“ კლუბში მყოფი პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა, მისივე სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა.

რამაზ დევაძე 2015 წლის თებერვალში დააკავეს, როცა სარფის საბაჟო პუნქტის გავლით საქართველოდან თურქეთში წასვლას აპირებდა.


როგორც ირკვევა, რამაზ დევაძეს სამართალდამცავებთან კონფლიქტი ადრეც ჰქონდა. თარაშ მუკბანიანის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს სხვა პირებთან ერთად პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა