გახარია – რუსეთთან დიალოგზე: „ახალ ფორმატებზე საუბარი ალბათ, ნაადრევია“

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიმ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ დეპუტატებთან ფ რაქციის ფორმატში შეხვედრისას ოკუპაციის თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოკუპაცია ქვეყნის მთავარი გამოწვევაა და ტერორორიული მთლიანობის აღდგენის მთავარი ხაზი, ახალი მინისტრთა კაბინეტის პირობებშიც, მიზნის ომის გარეშე მიღწევა იქნება. 

რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირ დიალოგს და ახალი ფორმატების შექმნას, რაზეც „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ადა მარშანიამ ისაუბრა, გახარიას თქმით, ჟენევისა და აბაშიძე–კარასინის ფორმატების რესურსების მაქსიმალურად ამოწურვამდე, ნაადრევია. 

„დღეს ჩვენ გვაქვს ფორმატები, რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ. სანამ მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა შესაძლებლობას, იქნება ეს ჟენევის თუ აბაშიძე–კარასინის ფორმატი, სხვა ახალ ფორმატებზე საუბარი ალბათ, ნაადრევია. პირველ რიგში, კონცენტრირებული იმაზე უნდა ვიყოთ, რომ  ამ ფორმატების შესაძლებლობები მაქსიმალურად ამოვწუროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ“,– განაცხადა გახარიამ.

მან კითხვის საპასუხოდ ასევე აღნიშნა, რომ აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის – სახალხო დიპლომატიის მიმართულებით ყველა უწყება უნდა გააქტიურდეს, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს ცენტრალური ხელისუფლება ვერ ახორციელებს. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გურიაში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს