"გავრილოვის ღამე" – სად ხედავს გახარია პოლიციის შეცდომებს

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ისევ ირწმუნება, რომ 20– ივნისის ღამეს სამართალდამცველები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, არც ერთი უკანონო ბრძანება არ გაცემულა და ხოლო უფლებამოსილების გადამეტების მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევები დაფიქსირდა.  

„ფაქტები, ინდივიდუალური გამოვლინებები უფლებამოსილების გადამეტების, სამწუხაროდ, დაგვიფიქსირდა. ეს იყო მაგალითად, ახლო მანძილიდან სროლის ფაქტები, უკვე დაკავებულ ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები, და იყო კიდევ რამდენიმე მძიმე ფაქტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. მაგრამ, მინდა, ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ  დღეს პოლიცია უკვე სხვაა და მსგავსი ფაქტები თვითონ პოლიციაში გახდა მწვავე განსჯისა და კრიტიკის საგანი. ეს ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ, ეს სისტემას ვერ დაანგრევს, რადგან სისტემა უკვე ჯანსაღია“,– განაცხადა გახარიამ პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ფრაქციის ფორმატში სეხვედრისას.  

ცნობისთვის: შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი. მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან. სისხლის სამართლის საქმე ასევეა სსკ–ის 313–ე მულით, რაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობას გულისხმობს, თუმცა ამ მუხლით ბრალი არავის აქვს წარდგენილი. 

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გახარია – პროპორციულ სისტემაზე: "იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი სრულად გაიზიარებს პასუხისმგებლობას"