"ოკუპაციის დაძლევისთვის ომის გარდა ყველაფერი უნდა იყოს მისაღები"

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით,  ოკუპაციის დაძლევისთვის ომის გარდა ყველაფერი უნდა იყოს მისაღები. ამის სესახებ მან საპარლამენტო უმრავლესობასთან ფრაქციის ფორმატში სეხვედრისას განაცხადა.

„შეიძლება ამას ყოველდღიურად ვერ ვგრძნობთ, თუმცა ყოველდღიურად ვცხოვრობთ ოკუპაციის პირობებში. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ოკუპაციის თემის პრივატიზება მოახდინოს ვიღაცამ. ჩვენ არ უნდა გაგვიჩნდეს ეს კომპლექსი. ადამიანები, რომლებიც ამ ოკუპაციაზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, ეს ადამიანები დღეს ჩვენ პრობლემად და პრეტენზიად გვიყენებენ ოკუპაციის საკითხის ამ ფორმით გამოხატვას. საუბრობენ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ მარტო ტერიტორიებზე, საქართველოს ეკონომიკის 20% არის ოკუპირებული, ოკუპირებულია საერთოდ ამ ქვეყნის განვითარების 20% და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ამ პრობლემას არ გადავწყვეტთ, ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება, ვერც ერთი მიმართულებით, ეკონომიკური, კულტურული, ადამიანური ვერ მოხერხდება. შესაბამისად, ოკუპაცია არის პრობლემა, რომელიც გადაწყვეტის დღემდე იქნება თანმდევი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, არ ვამბობ არაფერს იმ ადამიანებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, ეს მათი ყოველწუთიერი ყოფის თემაა. ისევე როგორც დევნილებზე, რომლებიც საერთოდ ამ განზომილებაში ცხოვრობენ“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპაციის დასაძლევად ომის გარდა ყველა მექანიზმია მისაღები.

„ყველა ის ინიციატივა - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, საერთოდ სახალხო დიპლომატია, მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატები, რომელშიც ვსაუბრობთ ჩვენ დღეს, მაქსიმალური ეფექტურობით უნდა გამოვიყენოთ. ეს ქვეყნის განვითარების დამაბრკოლებელი ისეთი კომპონენტია, რომ ერთმნიშვნელოვნად უნდა შევთანხმდეთ, რომ ოკუპაციის დაძლევისთვის ომის გარდა ყველაფერი უნდა იყოს მისაღები. ეს არის ფართო შეთანხმება, ფართო კონსენსუსი, რომელზეც ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რამეთუ უნდა გვესმოდეს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 20%-ით ოკუპირებული ტერიტორიები არაფერს არ ნიშნავს, ადამიანების 20%, ეკონომიკური განვითარების 20%, ქვეყნის საერთო განვითარების 20%, ადამიანური რესურსების 20% - ყველაფერი ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გახარიამ.

მანამდე ის "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს ასევე ფრაქციის ფორმატში შეხვდა. მათ გახარიას მოსკოვში ვიზიტზე ფიქრი და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი შესთავაზეს. საპასუხოდ გახარიამ განაცხადა, რომ ვიდრე არსებული ფორმატების რესურსი სრულად არ ამოიწურება, ახალ ფორმატებზე საუბარი ნაადრევია. 

მოგვიანებით მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის შესახებ ჟურნალისტებმა უმრავლესობის ერთ–ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს ჰკითხეს. 

„ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, დეოკუპაციის გზაზე შეიძლება განიხილებოდეს  ნებიმიერი საკითხი, გარდა ომისა. დღეს პირდაპირ დიალოგზე საუბარი არ არის“,– განაცხადა მინარაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს