სააკაშვილი – პოლიციელებს: "ზედმეტი ენთუზიაზმით ნუ შეასრულებთ უკანონო ბრძანებებს"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცველებს მოუწოდებს, ნუ ასრულებენ „ზედმეტი ენთუზიაზმით უკანონო ბრძანებებს“.

„ივანიშვილის პარტიას უკვე ნამდვილად დედა აღარ ჰყავს არც ზუგდიდში და არც სხვა ადგილებში. ძალიან ცუდად აქვთ საქმე, ძალიან გამწარებულია ხალხი, გამოცხადდება გაცილებით იმაზე მეტი, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი უბრალოდ დარაზმულია და პარტიზანული და სხვა მეთოდებით წყნარად, მშვიდად იშორებს ივანიშვილის „ოცნებას“.

მინდა ვუთხრა პოლიციელებს, რომ ცოტა დამშვიდდით და ნუ ასრულებთ ზედმეტი ენთუზიაზმით უკანონო ბრძანებებს, იმიტომ, რომ პოლიცია უნდა დარჩეს, მაგრამ ისინი, ვინც ამ ბრძანებებს შეასრულებენ, მათ პრობლემები ექნებათ. ახლა ჩვენმა ახალგაზრდა აქტივისტებმა ხელიდან გამოგლიჯეს „ოცნების“ „შნირებს“ საარჩევნო სიები და ამაზე დააკავეს ჩვენი აქტივისტი. უკაცრავად, მინდა გკითხოთ, საარჩევნო სიები რამე მატერიალური ფასეულობაა, უფლება ჰქონდათ, რომ ეს საარჩევნო სიები ჰქონდეთ, თუ როგორ არის თქვენი საქმე? საარჩევნო სიები არის მოპარული, ადამიანის პირადი ინფორმაცია და ქურდის ქურდი ცხონდესო და საარჩევნო სიები დიახაც უნდა გამოართვა და წაართვა. ეს არ არის უკანონობა, ეს არის უკანონობის აღკვეთა, მაშინ, როდესაც პოლიცია არაფერს აკეთებს და როცა ეს ძალადობასთან არ არის დაკავშირებული არანაირად.

რა არის აქ პრობლემა? მიაწექით ბოლომდე, ბოლომდე უნდა ვიყოთ შეტევაზე. ამათ არჩევნები უკვე წაგებული აქვთ, სულ რომ ყურებზე გაიარონ და მერე ნახავთ რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს. გაგრძელება ექნება და ძალიან მაგარი. ეს აღარ არის ნოემბერი გასული წლის. მეტი საქმე არ მაქვს, ივანიშვილს შევატყაპუნებინო ისევ რამე, როგორც მან გააკეთა ნოემბერში, ყველაფერს გავაკეთებ, აბა თქვენ იცით“, – აცხადებს სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა. 


სააკაშვილის მოწოდება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარად აიქვა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება