"პოლიციამ სოხუმში რესტორან "ამრაში" წამიყვანა, იქ ვიქეიფეთ და დავბრუნდით"

დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ის პროტესტანტებისგან თავს იცავდა". 

ჟურნალისტებმა დეპუტატს ჰკითხეს, თუ სად წაიყვანა ის პოლიციამ პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის შემდგომ. კითხვამ კვიციანი გააღიზიანა და ჟურნალისტს პროვოკატორი უწოდა. ერთი და იმავე კითხვის რამდენჯერმე გამეორების შემდგომ კი მან ჟურნალისტებს უთხრა: "პოლიციამ სოხუმში რესტორან "ამრაში" წამიყვანა, იქ ვიქეიფეთ და დავბრუნდით".

"მე თავს არავის დავსხმივარ, თავს ვიცავდი ჩვენ ხმას არ ვაძლევდით დღეს მთავრობას, ამიტომ ავდექი და წამოვედით პარლამენტიდან. წამოვედი და ავედი კაბინეტში ჩემთნა, მინდოდა პატარა წამემუშავებინა, მაგრამ კომპიუტერი იყო გათიშული ჩემი კომპიუტერი, ამიტომ დავრეკე და გამოვიძახე ტაქსი. ტაქსი ვერ ამოვიდა, ამოსასვლელი გადაკეტილი იყო, ამიტომ ქვემოთ ველოდებოდი. წამოვედი ჩამოსასვლელიდან და იქ დამესხნენ თავს, სასტვენებით, ცხვრებით და მთელი ამბავი და დამიწყეს ლანძღვა, გინება, ეს იყო სულ. მე თავი დავიცავი. ფიზიკურად თავს დასხმა, შეურაცხყოფა, მონას რომ გიწოდებს იმ ქვეყანასთან ბრძოლაში მისი წონა სისხლი რომ მაქვს დაღვრილი და ქვეყანა დაცული, ის ლაწირაკი, მოღალატე დედა რომ ყავს, კოდორში უშიშროების მინისტრი რომ შემოდიოდა და უშიშროების დავალებით... არ დამირტყამს მე არავისთვის, კაცო, ვის დავარტყი. მაჩვენეთ ის კადრები, სადაც ეს ჩანს". - დასძინა კვიციანმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანი პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

„მოხდა ინციდენტი. როგორც კი გავერკვევით, მივცემთ სამართლებრივ შეფასებას. პოლიცია დროულად ჩაერთო.  მხარეები განრიდებული არიან. ყველაფერს დავაფიქსირებთ და სამართლებრივ შეფასებას მივცემთ. გაცნობებთ ყველაფერს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მათ საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ შესასვლელთან სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს და სასტვენების დახმარებით პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას დასცინის, რადგან 20 ივნისის ღამის შემდეგ, გიორგი გახარიას შსს-ს მინისტრის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის ნაცვლად დღეს ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა იმართება, რომელზეც კანონმდებლები მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა