გადადგა თუ გაუშვეს – მოისწრაფიშვილი განმარტავს, რატომ აღარ იკავეს პრეზიდენტის პრეს–სპიკერის თანამდებობას

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხატია მოისწრაფიშვილი სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერი აღარ არის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

პრეზიდენტის მრჩეველი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ირინა შენგელია მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ხატია მოისწრაფიშვილი რჩება ადმინისტრაციაში და კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას.

„ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერი აღარ არის, მაგრამ ადმინისტრაციაში მუშაობს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოხდა ეს ამბავი და მოისწრაფიშვილი კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას. როგორც კი რაიმე ახალი იქნება ცნობილი, თქვენ გაიგებთ ამის შესახებ“, – განაცხადა ირინა შენგელიამ.

თავად მოისწრაფიშვილი ინფორმაციას არ ადასტურებს.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე, არ შესაბამება სიმართლეს. თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ პირადად და როდესაც მივიღებ, ამას ვაცნობებ პირველ ყოვლისა პრეზიდენტს, ადმინისტრაციას და ჟურნალისტებს“, – ამბობს მოისწრაფიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ურჩევს, „მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, არასწორი და მცდარი ინფორმაცია“.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ზურაბიშვილსა და მოისწრაფიშვილს შორის შეუთანხმებლობის მიზეზი შეწყალების აქტი გახდა: პრეზიდენტმა 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელი შეიწყალა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი "პატრიოტთა ალიანსის" აქციას ეხმიენება