ხაზარაძე – "გახარიას წერილზე": "პირველი ექსპერტიზა სერიოზული შედეგებით დამთავრდა"

TBC–ს დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "გახარიას წერილზე" ექსპერტიზის პირველი ეტაპი "სერიოზული შედეგებით" დასრულდა. ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თქვა რომ ამ საკითხზე ადვოკატი ისაუბრებს და იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა ამ ჯერზე მაინც აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს. 

"წერილი მიუთითებს, თუ რამდენად მახინჯი, კრიმინალური აზროვნების სახელწნიფო სტრუქტურებთან და თანამდებობის პირებან გვაქვს საქმე. ჩვენ ამას გამომავლენთ და ეს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი...

პირველი ექსპერტიზა დამთავრდა საკმაოდ სერიოზული შედეგებით. იმედია, პროკურატურაში საქმე თავიდან აღიძვრება, რამეთუ მათ ჰქონდათ საფუძველი, საქმე აღეძრათ, რაც თებერვალში არ გააკეთეს, ჩათვალეს, რომ ეს ვიღაცის მიერ დაწერილი სახუმარო წერილი იყო. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სერიოზული წერილია",– განაცხადა ხაზარაძემ. 

მისი თქმით, წერილზე ანაბეჭდები უხვად არის და მათი ბაზაში არსებულ ანაბეჭდებთან შედარება უნდა მოხდეს, რისთვისაც საჭიროა, საქმე პროკურატურამ აღძრას: 

„ჩვენი კანონმდებლობით, ანაბეჭდების შედარება ჩვენს ბაზასთან უნდა მოხდეს. ამისთვის საჭიროა, აღიძრას საქმე, რომელიც პროკურატურამ გაურკვეველი მიზეზების გამო თებერვალში არ აღძრა. როდესაც მე პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით დამკითხრეს, თქვეს, რომ აქ საინტერესო არაფერია და შესაბამისად არ აღძრეს ეს საქმე. გარდა ანაბეჭდებისა, რომელიც უხვად არის წერილზე, მიმდინარეობს ლინგვისტიკური ანალიზი და მთელი ამ პროცესის გაანალიზება. ეს კომპლექსური თემაა“. 

ხაზარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ მას არსებული ხელისუფლების პირობებში ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს:

"ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენერალურ პროკურორებად და მინისტრებად დანიშნვა. ეს ჩვენი ქვეყნის მართვის აბსოლუტურად მახინჯი ფორმაა. ეს ფორმა უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება მთავრობას, ერთი წლის წინაც ასეთი ზარ–ზეიმით დაინიშნა ახალი პრემიერ–მინისტრი და კითხვა მაქვს, ამ ერთი წლის  განმავლობაში რამე შეიცვალა? ეს არის ძალოვანების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, რათა შეინარჩუნონ ხელისუფლება. საქართველოში ვიღაცეების თავსიუფლების შეზღუდვის ხარჯზე ეს ვერ მოხდება". 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ ლონდონში ექსპერტიზაზე ე.წ. „გახარიას წერილი“ მიმდინარე წლის მარტში გააგზავნა. საუბარია იმ წერილზე, რომელიც „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შუამავლის დახმარებით მიიღო და რომელშიც "ყველანაირი წინაპირობის გარეშე" შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

როგორც ხაზარაძე ჯაფარიძის ბრიტანელმა ადვოკატმა სტივენ ქეიმ განაცხადა , ცნობილი მუქარის წერილის ექსპერტიზა დასრულდა, შედეგები ანალიზდება და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

„ახლა მიდის წერილის ლინგვისტური და სხვა ტიპის ანალიზი. შესაბამისი გამოძიების შემდეგ ის აუცილებლად წარედგინება სასამართლოს, როგორც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება“-განაცხადა ქეიმ.

შეგახსენებთ იმ წერილის შინაარსს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა:

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

• ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.

• წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს