„დოიჩე ველეს" სტატიაში გიორგი გახარიაზე ცალსახად არასწორი შეფასებაა, რომ ის „რუსეთის კაცია"

„დოიჩე ველეს" სტატიაში გიორგი გახარიაზე ცალსახად არასწორი შეფასებაა, რომ ის „რუსეთის კაცია", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „დოიჩე ველეს" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „რუსეთის კაცად“ არის მოხსენიებული. თალაკვაძის შეფასებით, 2012 წლიდან დღემდე "ქართულმა ოცნებამ", გიორგი გახარიასთან ერთად, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„რეალობა არის ის, რომ ჩვენი გუნდი, გიორგი გახარიასთან ერთად, 2012 წლიდან აღწევს რეალურ შედეგებს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში, აღწევს რეალურ შედეგებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, აღწევს რეალურ შედეგებს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ ვრჩებით ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუციის ქვეყნად. ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან მსოფლიოს ყველაზე რთულ წერტილებში თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად, ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად. რეფორმები, რომელიც ჩვენ გავატარეთ: ადამიანის უფლებების დაცვა, ინსტიტუტების გაძლიერება, საპარლამენტო არჩევნების სისტემის შეცვლა - ეს არის, რაც მიუთითებს ჩვენს პროქართულ და პროდასავლურ კურსზე. ეს არის, რაც მიუთითებს გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის მიზნებზე. ასე, რომ შეფასებები უნდა გავაკეთოთ იმ საქმეებზე დაყრდნობით, რაც ჩვენმა გუნდმა 2012 წლის შემდეგ შეასრულა,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2020 წლის არჩევნებისთვის მობილიზების მიზნით დაინიშნა, თალაკვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ნამდვილად ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„გიდასტურებთ, რომ ქვეყანა ემზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. ეს სამზადისი მოიცავს საარჩევნო სისტემის რეფორმას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ისე, რომ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ უფრო ეფექტიანი და გამჭვირვალე დაფინანსების სისტემა, უფრო თანაბრად განაწილებული დრო მედიაში და რაც მთავარია, პროპორციული საარჩევნო სისტემა ნულოვანი ბარიერით, რომელიც ყველა პოლიტიკურ პარტიას საშუალებას აძლევს, პარლამენტში წარმომადგენლობა მიიღოს. ეს არის 2020 წლის არჩევნებისთვის სამზადისი. ამის გარდა, გვრჩება დიდი პასუხისმგებლობა, რომ არ შეჩერდეს ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: რაში ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები შემოსავალს და როგორია ეკონომიკური მდგომარეობა