ხუთი ადამიანის სასტიკი მკვლელობის საქმე: გამყრელიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე პატიმრობიდან გათავისუფლდა: მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა. მას გამოძიება მკვლელობაში დახმარებას ედავება. რაც შეეხება მის შვილიშვილს – ომარ გამყრელიძე უმცროსს, რომელსაც ბრალად საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა აქვს წაყენებული, პატიმრობაში რჩება. 

ამ დროისთვის საქმეში სულ სამი პირია ბრალდებული: 85 წლის ომარ გამყრელიძე (მკვლელობაში დახმარებისთვის), შვილი ნოდარ გამყრელიძე (მკვლელობაში, თუმცა დაკავებული არ არის) და შვილიშვილი ომარ გამყრელიძე (იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვისთვის)

ადვოკატის ცნობით, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილს – ნოდარ გამყრელიძეს, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, კონფლიქტი ჰქონდა თავის დედასთან ელიზა გამყრელიძესთან, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და შურისძიების მოტივით, გადაწყვიტა მისი განზრახ მკვლელობა. ომარ გამყრელიძემ ელიზა გამყრელიძის განზრახ მკვლელობაში დახმარების მიზნით, ნოდარ გამყრელიძეს გადასცა "GECO mod.23" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ომარ გამყრელიძე უმცროსი თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

დადგენილების მიხედვით, გამყრელიძეს გამოძიება მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავება. ერთი ადამიანის მკვლელობას ედავებიან ნოდარ გამყრელიძესაც. ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა და 4 ადამიანის მკვლელის ვინაობა გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია.

თავად 85 წლის გამყრელიძე ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. მაშინ შსს–მ განაცხადა, რომ 85 წლის ომარ გამყრელიძემ შვილი, რძალი და ორი ნათესავი მოკლა. 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

მოგვიანებით გამყრელიძეს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა.  


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს