ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის უჩივის

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს, მას ფინანსური სანქცია, 221 952 ლარის ოდენობით დაეკისროს, - ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„აქცენტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, რომ ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ბრძოლის დანახვა იოლად შეიძლება სხვადასხვა სამთავრობო პირების საჯარო გამოსვლებში და მათ ქმედებათა ჯაჭვში, რომელიც ერთ წელზე მეტია გრძელდება. ფაქტია, რომ პროკურატურას მიღებული აქვს ჩვენზე შემოტევის დავალება, რის შედეგადაც შეითხზა სრულიად აბსურდული ბრალდება და დაგვიწესდა ბრუტალური რეპრესიული ხასიათის შეზღუდვები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლების და ქართული ოცნების მთავარი სახეები, არღვევენ წესიერების ელემენტრულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში თავად გვევლინებიან. გზადაგზა, ჩვენი რეპუტაციის კიდევ უფრო შესალახად ახალ ისტორიებს და არარსებულ "ფაქტებს" ახმოვანებენ და საზოგადოების აზრის არასწორ ფორმირებას ცდილობენ. ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს. ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ "ფაქტებს" იგონებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო გია ვოლსკის წინააღმდეგ მივმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოვთხოვოთ მას ამ განცხადებების საჯარო უარყოფა. ასევე მოვითხოვთ პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩავდებთ. ვინ იქნება შემდეგი დრო გვიჩვენებს. ​ თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ განცხადების ერთ-ერთ ლინკს: http://bit.do/e8aJc ", - ნათქვამია განცხადებაში.

ვრალდებას უპასუხა თავად ბრალდების ადრესატმა:

„პასუხი ამაზე უნდა გასცე და არა ის, რომ ედავო ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში შენს წინააღმდეგ გალაშქრებას აბრალებ. როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, საკითხებზე პასუხები უნდა გქონდეს და არა, ყურადღების მიქცევის ახალი ფანდი. თუ განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა? უნდა, კრედიტი მომცეს და შემდეგ ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო და იქედან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის თუ სხვა ქველმოქმედებისთვის? რა უბედურებაა. რა გადაწყვიტა, ამით ყურადღება მიიქცევს და პოლიტიკურ ველზე პოზიციებს გაიძლიერებს? განცხადებები გააკეთოს იმაზე, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს, როგორი სქემით მოახერხეს გაცემა ისე, რომ მომსახურება არ იყო უზრუნველყოფილი კრედიტზე, როგორ მიიღეს საკუთარ ანგარიშზე და როგორ გადაიყვანეს, გადარიცხეს ოფშორულ ზონაში. ყოველთვის ვამბობ, სასამართლო გაარკვევს ყველაფერს, მაგრამ ვინაიდან, ბრალდებაა პასუხი ამას უნდა გასცე და არა, გია ვოლსკის თუ სხვას ედავო იმისთვის, რომ ღირსება შეგილახეს, რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფაქტია, რომ ეს ფანდია და თავიდან მოშორება უნდა მთავარი კითხვების. თავის თავის და ობიექტის რაღაც სიმბოლოდ გამომიყვანა, რაც ასე არაა. ედავებიან და პასუხი უნდა გასცეს. ამბობს, რომ ვინაიდან პოლიტიკაშია, აბრალებენ და აბსურდებს იგონებენ, ეს არ არის შეურაცხყოფა? თუ პოლიტიკურ ველზე ხარ, კეთილი ინებე და პასუხი გაეცი იმ საკითხებს, რაზეც გედავებიან და არა ის, რომ პირიქით, აბსურდული ბრალდებები მოიგონო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"მომავალმა პარლამენტმა უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას ერთი სასამართლო"