კვიციანი – 8 სექტემბრის მოვლენებზე: „არანაირი თმენის ვალდებულება მე არ გამაჩნია როცა მაგინებენ"

დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსიდან" ემზარ კვიციანი ფიქრობს, რომ თმენის ვალდებულება არ გააჩნია. ამის სესახებ მან 8 სექტემბერს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„არანაირი თმენის ვალდებულება მე არ გამაჩნია, როცა მაგინებენ და მაფურთხებენ...თავს დამესხა ჯგუფი, ცხვრებთან ერთად და ვიგერიებდი თავს, მაგრამ თქვენ ჟურნალისტები უკვე დამნაშავედ რომ გამომაცხადეთ, ამას როგორ ხედავთ? ეს სამართალია?" - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

როგორც დეპუტატი ამბობს, არ აპირებს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს უჩივლოს.

"მე არანაირად არ ვაპირებ ამ ბავშვების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რადგან ესენი თვითონ არიან მსხვერპლი სხვა ადამიანების", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

„მოხდა ინციდენტი. როგორც კი გავერკვევით, მივცემთ სამართლებრივ შეფასებას. პოლიცია დროულად ჩაერთო.  მხარეები განრიდებული არიან. ყველაფერს დავაფიქსირებთ და სამართლებრივ შეფასებას მივცემთ. გაცნობებთ ყველაფერს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს.აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას დასცინის, რადგან 20 ივნისის ღამის შემდეგ, გიორგი გახარიას შსს-ს მინისტრის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის ნაცვლად დღეს ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

საპარლამენტო უმრავლესობამ მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა