თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "პატრიოტთა ალიანსის" წევრები შეიჭრნენ

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "პატრიოტთა ალიანსის" წევრები შეიჭრნენ. პარტიის ერთ–ერთ ლიდერ ირმა ინაშვილს შელაპარაკება მოუვიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროს მკვლევართან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერთან. 

"პასუხს აგებ ამდენი ტყუილის გამო. რატომ არ ვართ ჩვენ მოწვეულები?",– მიმართა მან კრამერს.  

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში მის პარტიაზე საუბრობდნენ, მათ კი პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ეცემათ. 

ის ამბობს, რომ ღონისძიებაზე მიწვეული არაა, თუმცა როგორც პარლამენტის ვიცე–სპიკერს, მასზე დასწრების უფლება აქვს. ამასთან, მან სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. 

თავის მხრივ კრამერმა განმარტა, რომ ერთადერთი, რასაც ითხოვს, რეგისტრაციააა, ხოლო ღონისძიებაზე შეჭრა – უხეშობა.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაესწროს ამ კონფერენციას. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ რეგისტრაციაა. ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, შეგიძლიათ, მიიღოთ მონაწილეობა. თუმცა კონფერენციაზე შეჭრა გულწრფელად, რომ ვთქვა უხეშობაა. ვიმედოვნებ, ახლა ყველა დამშვიდდება და განვაგრძობთ იქიდან, სადაც შევჩერდით“, – აღნიშნა კრამერმა.  

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე ლიეტუვის პარლამენტის წევრი ზიგიმანტას პავილიონისი ირმა ინაშვილის კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, "საქართველოს პატრიოტები“ ნამდვილად ქართული და დასავლური აზროვნების მქონე პარტიაა. ბოკერიების, სააკაშვილების და მათი ექსპერტების მიერ ამ პარტიის შესახებ გაკეთებული განცხადებები ყველა ტყუილია". 

ინაშვილის საპასუხოდ  ევროპელმა პოლიტიკოსმა შემდეგი განაცხადა: 

"მე, სამწუხაროდ, გავიმეორებ იმას, რასაც ვიმეორებ ყოველ კონფერენციაზე, რომელზეც გამოვდივარ. მე თქვენი სახელი არ ვიცი, ქალბატონო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოკერია თქვენი საუკეთესო მეგობარია. თქვენ მოგიწევთ მისი შეყვარება, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ ვისწავლეთ ლიეტუვაში. თქვენ შეგიძლიათ, ძალიან განსხვავებულები იყოთ, შეგიძლიათ, ძალიან განსხვავებული მოსაზრებები გქონდეთ, მაგრამ თქვენ თუ მართლა გინდათ ამ ჯენტლმენების დარწმუნება თქვენს ეროვნულ სტრატეგიულ მიზნებში, თქვენ უნდა დარჩეთ ბოკერიასთან, სანამ ნატო–ში არ შეხვალთ. და შემდეგ შეგიძლიათ იჩხუბოთ, რაზეც გინდათ. მაგრამ არ გააკეთოთ ის, რაც ახლა გააკეთეთ, ნატო–ში შესვლამდე".        

განმარტება ასევე გააკეთა ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა. კერძოდ, მისი თქმით, მედიისა და თავისუფალი დამსწრეებისთვის ღიაა ღონისძიება, თუმცა ამისთვის რეგისტრაციაა საჭირო, ერთი მოქალაქე კი ცდილობდა პანელის ჩაშლას, რომელიც სწორედ რუსეთის გავლენებს ეხება. ორგანიზატორი გულისხმობდა "ობიექტივის" ჟურნალისტს გიორგი კასრაძეს. 

"ვინც შეეცდება ჩაშლას, ის დაცვის ძალით იქნება გაყვანილი დარბაზიდან. ვისაც რეგისტრაცია ჰქონდა გავლილი, მათთვის დასწრება თავსიუფალია",– განაცხადა ორგანიზატორმა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. 

მოგვიანებით კასრაძემ განმარტა, რომ მისთვის მიუღებელია, საქართველოს გაერთიანება რომელიმე ორგანიზაციაში საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე და ასევე მიუღებელია, იმართებოდეს ღონისძიება, სადაც მსგავსი იდეები ჟღერდება. ჟურნალისტი ამბობს, რომ სწორედ ამან განაპირობა მისი უკმაყოფილება. მას მხედველობაში ჰქონდა ნატო–ს ყოფილი გენმდივნის განცხადება ნატო–ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ინტერპრეტაციის საფუძველი გახდა. კერძოდ, რასმუსენმა განაცხადა, რომ საჭიროა, საქართველომ გადაწყვიტოს, უღირს თუ არა ნატოში გაწევრიანება ისე, რომ პირველ ეტაპზე კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო–ს მეხუთე მუხლი მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდეს. აქ საუბარი არ არის საქართველოს ტერიტორული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო აღიარებს. რასმუსენმა ასევე განმარტა, რომ ეს ინიციატივა არ გულისხმობს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციას.

ჟურნალსიტი ტერიტორიიდან საპატრული პოლიციამ გაიყვანა. ღონისძიება ინციდენტის შემდეგ განახლდა. 

საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც მაკკეინის ინსტიტუტი და ეკონომიკური კვლევის ცენტრია, ორი დღეა, თბილისში მიმდინარეობს. 

 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა