ინციდენტის შემდეგ ინაშვილს კითხვის დასმის შესალებლობა მიეცა

სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და კითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცა. 

საინტერესო კონფერენცია მიმდინარეობს საქართველოში, საინტერესო გამომსვლელები არიან. სამწუხაროა, რომ  ჩვენი საპარლამენტო პარტია არ არის მოწვეული, სიამოვნებით მივიღებდით მონაწილეობას... 

გუშინ დიდხანს იყო ჩვენზე საუბარი და როდესაც საუბრობენ, მეც უნდა მქონდეს გამოსვლის შესაძლებლობა – ესაა პოლიტიკური პლურალიზმი. 

ჩვენ საქართველოს პატრიოტები ვართ. მხარს ვუჭერთ დასავლეთთან, ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობას, მაგრამ ის, რაც გუშინ აქ ჩვენზე ბოკერიას მხრიდან ითქვა, ტყუილია. ბოკერია – სააკაშვილი ცდილობენ, თქვენ მუდმივად გიმტკიცებდნენ, რომ  პატრიოტები არიან, ხოლო ჩვენ – ქართველი ხალხი, მტრები. მათ დასავლურობა იცით როგორ ესმით? ადამიანთა წამება, რასაც აკეთებდნენ, მიტინგების დარბევა, ბიზნესმენებისთვის ქონების წართმევა, არჩევნების გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების 22%–ის ჩაბარება მოწინააღმდეგისთვის.

კითხვა მაქვს, ადამიანის წამება, მკვლელობა, მიტინგების დარბევა დასავლური ღირებულებებია? ესაა ჩემი კითხვა. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს არა დასავლური ღირებულებები, ბოლშევიზმი და ფაშიზმია. ჩვენ ნამდვილი, ქართული და დასავლური აზროვნების პარტია ვართ“,– მიმართა კონფერენციის მონაწილეებს ინაშვილმა. 

ინაშვილი დაინტერესდა, კონფერენციაზე შეკრებილი საზოგადოება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რა გეგმას სთავაზობს საქართველოს.

ამასთან მან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროს მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა

„ბოკერიას ჯგუფს შეჰყავდა შეცდომაში. ყველა ციტატა, რომელიც ადამიანთა მწამებელმა ბოკერიამ გამოიყენა გუშინ, იყო დამახინჯებული“,– განმარტა სიტყვით გამოსვლის შემდეგ ინაშვილმა ჟურნალისტებმა.

მისი თქმით, მის მიზანს წარმოადგენდა, საერთაშორისო პარტნიორებისა და საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რა რეჟიმში უწევდა საქართველოს ცხოვრება. ამასთან, მან თქვა, რომ კონფერენციის მონაწილეები პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, ამიტომ პასუხებიც ცალმხრივი იყო, თუმცა ეს მისთვის საინტერესო არ იყო, მთავარი პოზიციის დაფიქსირებაა.

რაც შეეხება დევიდ კრამერისადმი მის მოთხოვნას, როგორც ინაშვილი ამბობს, კრამერმა მას ხელი ჰკრა, რისი უფლებაც არ ჰქონდა.

„ერთი გაკოტრებული ექსპერტია ამერიკაში, დღეს აქ ჰყავთ ჩამოყვანილი, როგორც ბუმბერაზი. არ არის ბუმბერაზი, ერთი არარაობაა“,– თქვა ინაშვილმა. 

ინაშვილის გამოსვლას უპასუხა ლიეტუვას პარლამენტის წევრმა ზიგიმანტას პავილიონისმა: 

„მე რასაც ვუსმენ, ბოკერია არ არის თქვენი საუკეთესო მეგობარი. თქვენ მოგიწევთ მისი შეყვარება. ჩვენ სწორედ ეს ვისწავლეთ ლიეტუვაში. შეიძლება ჩვენგან განსხვავებულები იყოთ, განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ, მაგრამ თუ თქვენ გსურთ ამ ადამიანების დარწმუნება სტრატეგიულ, ეროვნულ მიზნებში, მაშინ სასურველია თქვენ დარჩეთ ბოკერიასთან მანამ, ვიდრე არ შეხვალთ ევროკავშირში და ნატო-ში, მერე იჩხუბეთ რამდენიც გინდათ. არ უნდა გააკეთოთ ის, რაც გააკეთეთ”.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით კი, მანამ, სანამ ინაშვილმა "შოუ არ მოაწყო, მისი ორგანიზაცია ამ დღენახევრის განმავლობაში კონფერენციაზე არავის უხსენებია": 

"არავის არ უხსენებია ისინი და აქწ ისინი არავისთვის არ არიან საინტერესო. ამიტომ, ეს გადამეტებული წარმოდგენები საკუთარ თავზე და მსხვერპლობანას თამაში ძალიან სასაცილოდ გამოიყურება

ძალიან მარტივი რამ მოხდა: ვსაუბრობთ ძალიან ბევრ საკითხზე, რაც ტრიალებს საქართველოს უსაფრთხოების გარშემო. მაგალითად, იყო დისკუსია თურქეთის თაობაზე, როგორც საქართველოს მეზობელი ქვეყნის, იქ განვიტარებული მოვლენების უსაფრთხოების სეგმენტში. იყო საუბარი ევროკავშირზე, ნატო–ზე, აშშ–ზე და ა.შ. 10 სხვადასხვა დისკუსია იყო და აქედან მხოლოდ ერთი იყო რუსეთის შესახებ და მოსალოდნელი იყო, რომ კრემლთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადებები გაკეთდებოდა და ზუსტად ამ პანელის ჩალას სეეცადა ქალბატონი ინაშვილი გამომდნარე იმ უზარმაზარი ყურადღებიდან, რომელიც ამ ღონისძიებას ეთმობა როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედიაში".

ცნობისთვის: საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც მაკკეინის ინსტიტუტი და ეკონომიკური კვლევის ცენტრია, ორი დღეა, თბილისში მიმდინარეობს. კონფერენციაზე დღეს ირმა ინაშვილი "ობიექტივის" გადამღებ ჯგუფთან ერთად რეგისტრაციის გარეშე მივიდა და სიტყვა მოითხოვა. მას შელაპარაკება მოუვიდა დევიდ კრამერთან. 

"პასუხს აგებ ამდენი ტყუილის გამო. რატომ არ ვართ ჩვენ მოწვეულები?",– მიმართა მან კრამერს.  

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში მის პარტიაზე საუბრობდნენ, მათ კი პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ეცემათ. 

მან თქვა, რომ ღონისძიებაზე მიწვეული არაა, თუმცა როგორც პარლამენტის ვიცე–სპიკერს, მასზე დასწრების უფლება აქვს. ამასთან, მან სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. 

თავის მხრივ კრამერმა განმარტა, რომ ერთადერთი, რასაც ითხოვს, რეგისტრაციააა, ხოლო ღონისძიებაზე შეჭრა – უხეშობა.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაესწროს ამ კონფერენციას. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ რეგისტრაციაა. ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, შეგიძლიათ, მიიღოთ მონაწილეობა. თუმცა კონფერენციაზე შეჭრა გულწრფელად, რომ ვთქვა უხეშობაა. ვიმედოვნებ, ახლა ყველა დამშვიდდება და განვაგრძობთ იქიდან, სადაც შევჩერდით“, – აღნიშნა კრამერმა.          

განმარტება ასევე გააკეთა ღონისძიების ერთ–ერთმა ორგანიზატორმა. კერძოდ, მისი თქმით, მედიისა და თავისუფალი დამსწრეებისთვის ღიაა ღონისძიება, თუმცა ამისთვის რეგისტრაციაა საჭირო, ერთი მოქალაქე კი ცდილობდა პანელის ჩაშლას, რომელიც სწორედ რუსეთის გავლენებს ეხება. ორგანიზატორი გულისხმობდა "ობიექტივის" ჟურნალისტს გიორგი კასრაძეს. 

"ვინც შეეცდება ჩაშლას, ის დაცვის ძალით იქნება გაყვანილი დარბაზიდან. ვისაც რეგისტრაცია ჰქონდა გავლილი, მათთვის დასწრება თავსიუფალია",– განაცხადა ორგანიზატორმა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. 

მოგვიანებით კასრაძემ განმარტა, რომ მისთვის მიუღებელია, საქართველოს გაერთიანება რომელიმე ორგანიზაციაში საქართველოს ტერიტორიების ხარჯზე და ასევე მიუღებელია, იმართებოდეს ღონისძიება, სადაც მსგავსი იდეები ჟღერდება. ჟურნალისტი ამბობს, რომ სწორედ ამან განაპირობა მისი უკმაყოფილება. მას მხედველობაში ჰქონდა ნატო–ს ყოფილი გენმდივნის განცხადება ნატო–ს მეხუთე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ინტერპრეტაციის საფუძველი გახდა. კერძოდ, რასმუსენმა განაცხადა, რომ საჭიროა, საქართველომ გადაწყვიტოს, უღირს თუ არა ნატოში გაწევრიანება ისე, რომ პირველ ეტაპზე კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო–ს მეხუთე მუხლი მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდეს. აქ საუბარი არ არის საქართველოს ტერიტორული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო აღიარებს. რასმუსენმა ასევე განმარტა, რომ ეს ინიციატივა არ გულისხმობს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგიტიმაციას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში აშშ–ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი "პატრიოტთა ალიანსის" აქციას ეხმიენება