თინა ხიდაშელი: „ის, რაც გია ვოლსკიმ თქვა, უბრალოდ ტყუილია“

დღეს ნატო–ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების გეგმისშესახებ, ინტერპრეტაციები მოჰყვა. კერძოდ, საუბარია საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებაზე ისე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატოს კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი არ ამოქმედდეს. მოგვიანებით მედიასთან კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველო ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან ერთად გაწევრიანდება. ამდენად, გაჩნდა განცდა, რომ ხსენებული საკითხი, რაზეც რასმუსენდა ისაუბრა, თითქოს ნატო–ში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გაწევრიანებას გულისხმობს. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, „ის, რაც გია ვოლსკიმ თქვა, უბრალოდ ტყუილია და მსგავსი რამ არავის უთქვამს“.   

„ჩვენი ქვეყნის არც ერთ მეგობარს საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ უთქვამს, უნდა მოხდეს საქართველოს გაწევიანება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე. ყველა, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ან დეზინფორმატორი, ან ქვეყნის მტერია. ის, რაზეც დღეს ბატონი რასმუსენი საუბრობდა, არის ვერსია, რომელიც ამბობს: საქართველო ნატოში აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს; საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს მისი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთსაც მოიცავს; თუ ეს იქნება ყველაზე პრაგმატული ფორმა, ეს გაწევრიანება შესაძლებელია დათქმით, რომ მეხუთე მუხლის მოქმედებდა არ გავრცელდეს აფხაზეთსა და სამხრე ოსეთში. ანუ საქართველო ნატო–ს წევრი ხდება სრულად, მისი მთელი ტერიტორიით, ჩათვლით ოკუპირებული ტერიტორიებისა, უბრალოდ მეხუთე მუხლი არ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“,– განაცხადა ხიდაშელმა.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკის კომენტარი: 

"იცით, სადაო თემაა. არის საკითხები, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. ეს საზოგადოების საერთო კონსენსუსი უნდა იყოს, დამატებით კომენტარებს და განმარტებებს საჭიროებს. ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერცერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა, რაც არავის გამოადგება. დარწმუნებული ვარ, ემოციურად ყველა ასეა განწყობილი, რომელ პოლიტიკურ ფლანგზეც არ უნდა იდგნენ. თუ ეს ამას უპირისპირდება, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამ საკითხის მეორე მხარე არსებობს, როცა ვამბობთ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მოლაპარაკებებით მოვაგვარებთ. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს, მხარს უჭერს და ჩვენთან ერთად იღწვის, რომ ეს სამართლიანობა აღდგეს," - განაცხადა ვოლსკიმ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბურჭულაძე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის