ლომია საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს: "როდესაც დეპუტატს ყურში უსტვენენ, შეიძლება, ყური დაუზიანდეს"

"პატრიოტთა ალიანსის" წევრ გიორგი ლომიას 8 სექტემბრის მოვლენებმა, რომელშიც მისი თანაპარტიელი ემზარ კვიციანი ფიგურირებს, საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნისკენ უბიძგა. კერძოდ, ლომია ფიქრობს, რომ შეურაცხყოფა სიტყვის თავისუფლებისგან საკანონმდებლო დონეზე "სასწრაფოდ უნდა გეიმიჯნოს".  

მისი დასკვნით,"როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ეს არის ფიზიკური დაზიანება:

„ის, რა ინციდენტიც მოხდა ბატონ ემზართან დაკავშირებით, მე შემიძლია გითხრათ, რომ სასწრაფოდ არის კანონში ცვლილება შესატანი, რის მიხედვითაც უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება. არ უნდა გვეშინოდეს, თუ ვინმე ზეწოლას ახდენს თქვენზე, უნდა ავუხსნათ, რომ გინება არის შეურაცხყოფა და სიტყვის თავისუფლება არის კონსტრუქციული კრიტიკის გამოხატვა. როდესაც დეპუტატს მისდევენ, თანაც ყურში უსტვენენ, ეს არის ფიზიკური დაზიანება: შეიძლება, მას ყური დაუზიანდეს ამ დროს. პატარა ბავშვი არ არის ემზარ კვიციანი. როდესაც გოგო აგინებს და პოლიციას რატომღაც მარტო ემზარ კვიციანი მიჰყავს და ის გოგოს არ გაარიდა იქაურობას და არც იმ „ვაჟკაც ბიჭებს“ პოლიცია არ არიდებს, ამას არ ჰქვია დემოკრატია, ამას არ ჰქვია აზრის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება. ამას ჰქვია შეურაცხყოფის ხელშეწყობა, სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე ლომიამ.

თავად კვიციანი ფიქრობს, რომ მას, როგორც დეპუტატს, თმენის ვალდებულება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

„მოხდა ინციდენტი. როგორც კი გავერკვევით, მივცემთ სამართლებრივ შეფასებას. პოლიცია დროულად ჩაერთო.  მხარეები განრიდებული არიან. ყველაფერს დავაფიქსირებთ და სამართლებრივ შეფასებას მივცემთ. გაცნობებთ ყველაფერს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის: პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს.აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას დასცინის, რადგან 20 ივნისის ღამის შემდეგ, გიორგი გახარიას შსს-ს მინისტრის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის ნაცვლად დღეს ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

საპარლამენტო უმრავლესობამ მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია