პრეზიდენტი პოლიტიკურ მხარეებს პლატფორმას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ მხარეებს სამსჯელოდ "ნეიტრალურ პოლიტიკურ პლატფორმას" სთავაზობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„მივიღე გადაწყვეტილება, არ მეპასუხა არც ერთი მხარის შემოტევისათვის და არ ჩავრეულიყავი პოლიტიკურ ორთაბრძოლებში და დღესაც, მზად ვარ, შევთავაზო ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა ყველა პოლიტიკურ მხარეს და საზოგადოებას, რათა განსხვავებების მიუხედავად, ერთად გადავჭრათ არსებითი საკითხები. საჭიროების შემთხვევაში, ასევე მზად ვარ, ამ საკითხებში ჩავრთო უცხოელი პარტნიორები და თქვენ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მიუკერძოებლობის გარანტი, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ გვჭირდება ერთმანეთის ნდობისთვის. ჩვენ გვაქვს საშინაო და საგარეო გამოწვევებით აღსავსე გზა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზის ბოლოს არის ის საქართველო, რომელზეც ყველა ვოცნებობდით და ვოცნებობთ. ჩვენ და თქვენ აუცილებლად ვნახავთ ძლიერ და აყვავებულ საქართველოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოზე ისაუბრა: 

„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს ქვეყნის შიგნიდან მოდის. ჩვენ არ ვართ ერთადერთი, ვინც საზოგადოების შიდა დაყოფისა და პოლარიზაციის პრობლემების წინაშე დგას. ეს ის საკითხებია, რომლებთან გამკლავებაც გამოცდილ დემოკრატიებსაც კი უჭირთ, ჩვენი დონის დემოკრატიისათვის კი დამანგრეველია. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება არა იმაზე რაც გვყოფს, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს",– განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქართული საზოგადოების საბჭოთა მენტალიტეტის ნანგრევებიდან გამოყვანა მის მთავარ მიზნად მიაჩნია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს