„ვურჩევდი საქართველოს NATO–ში გაწევრიანების ამ პირობის განხილვა დაიწყოს“

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი  ანდერს ფოგ რასმუსენი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს განხილვა, იქნება თუ არა მისთვის მისაღები ალიასში გაწევრინება იმ პირობით რომ NATO–ს მუხლი მხოლოდ იმ ტერიტორიებზე გავრცელდეს, რომელსაც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს.

ამის შესახებ რასმუსენმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა.

„საქართველო NATO-ში გასაწევრიანებლად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ეს  ჩემი ცალსახა შეფასებაა. თუმცა ცალკე საკითხია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. გულწრფელად რომ ვისაუბროთ, ეს ასეა. ვფიქრობ, ჯერ ქვეყნის შიგნი უნდა გაიმართოს დისკუსია, მზად არის თუ არა საქართველო იმ პირობაზე რომ ალიანსის მეხუთე მუხლი მხოლოდ იმ ტერიტორიებზე გავრცელდეს, რომელსაც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. შემდეგ უნდა გავცეთ ამას პასუხი NATO-ში. ჩემი რჩევა იქნება, რომ საქართველომ დაიწყოს განხილვა იქნება თუ არა ეს პირობა მისთვის მისაღები ალიანსში გასაწევრიანებლად. საქართველოს გადასაწყვეტია იქნება თუ არა მისაღები ალიანსის წევრობა მისთვის ამ პირობის გათვალისწინებით“, – განაცხადა რასმუსენმა. 

ცნობისთვის: დღეს თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე რასმუსენმა აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა და ამ კონტექსტში მან გერმანიის მაგალითი მოიყვანა. შეგახსენებთ, რომ დასავლეთ გერმანია NATO-ს წევრი 1955 წელს გახდა. გერმანიის გაერთიანების შემდეგ კი, ალიანსს აღმოსავლეთ გერმანია გაერთიანებული გერმანიის შემადგენლობაში შეუერთდა. 

NATO-ს მე-5 მუხლის მიხედვით, NATO-ს ნებისმიერ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს თავდაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ. ეს მუხლი კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან, ამავე მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა