სააკაშვილი – ოქრუაშვილს: "შევხვდებით თბილისში და ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი თვლის, რომ "გამარჯებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი უსამართლოდაა დაკავებული.

ამასთან, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა აქვს, მაგრამ საკითხზე იმსჯელებენ.

"ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ", წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში და თან ირაკლი ოქრუაშვილის "ფეისბუქ"–სტატუსს აზიარებს. ამ სტატუსში ოქრუაშვილი წერს:

„გარეთ 21-ე საუკუნეა. 30 წელი ხდება დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ჩვენს ქვეყანას კი “ვიში” -ს მთავრობა ჰყავს გახარიას და სხვების სახით. რუსებმა და ივანიშვილმა ჩათვალეს, რომ გავრილოვის ღამეში მაღალი ფასის გადახდა მოუხდათ პროპორციული არჩევნების დათმობის სახით. ამ ფასის ანაზღაურება კი გახარიას გაპრემიერებით გადაწყვიტეს. გახარიას გაპრემიერებით ივანიშვილმა და რუსებმა პროცესების რადიკალიზაცია დაიწყეს და ჩვენ ყველამ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ აქედან, თუ რა სახის არჩევნები ჩატარდება 2020 წელს. შესაბამისად, მხოლოდ დასავლეთის შეფასებების იმედზე არ უნდა ვიყოთ და “სწორად” უნდა მოვემზადოთ. გახარიას გაპრემიერებით რუსებმა საქართველოს 20% -ის ოკუპაცია ხელისუფლების 100% -იანი ოკუპაციით დაასრულეს.დარწმუნებული ვარ ივანიშვილმა უკვე უპატაკა პუტინს: “თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს".

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა 31 ივლისს სააპელაციო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

იხილეთ ასევე: შსს ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებია ასახული [ვიდეო]

რას უკავშირებს ოქრუაშვილი მის დაკავებას – ადვოკატის კომენტარი ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"მომავალმა პარლამენტმა უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას ერთი სასამართლო"