„გახარიას წერილი“ და შუამავალი – როდის გააჟღერებს ხაზარაძე ვინაობას

„თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან და TBC–ს დამფუძნების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამარტლის საქმის დეტალებს აცნობენ, რომელიც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას შეეხება და რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ბრალდებამ ფულის გათეთრების კვალიფიკაცია მისცა. 

შეხვედრის დაწყებისას ყურადღება გამახვილდა „გახარიას წერილზე“. როგორც ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, პირები, რომლებიც მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ, ამ დრომდე არ გამოკითხულან, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატის თქმით, ხაზარაძემ გამოკითხვისას დაასახელა ბიზნესმენები, რომლებთანაც წერილის შესახებ ისაუბრა.  

კორძაძის შეფასებით, გამოძიების დაწყების საფუძველი იმთავითვე არსებობდა და ამჟამად კი მით უფრო არსებობს. 

„როცა მამუკა ხაზარაძე გამოიკითხა, მან დაასახელა ადამიანები, რომელთაც იმ საღამოსვე გაუზიარა წერილის არსებობის შესახებ, დაასახელა ბიზნესმენები, ვისთანაც ჰქონდა საუბარი, დაასახელა შეხვედრა ბიზნესმენების, სადაც ამაზე ისაუბრა. პროკურატურას არც ერთი მათგანი არ გამოუკითხავს, ისე განაცხადა მეორე დღეს, რომ გამოძიების საფუძველი არ ჰქონდათ. ველოდებით შემდეგ რამეს, დასახელებული ჰყავს ადამიანები და ეს ადამიანები გამოიკითხონ, შეუძლიათ ბევრი სხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარონ და ეს ანაბეჭდები შეადარონ ბაზას, რომელიც გააჩნიათ და დაუსვან მარტივი კითხვა, საიდან აღმოჩნდა, ეს ანაბეჭდები იმ წერილზე.

შუამავლის დასახელება, ჩემი პრეროგატივა არ არის, შესაბამისად, მამუკა ხაზარაძე გადაწყვეტს, როდის დაასახელოს შუამავალი. ამ მტკიცებულების შემდეგ, ვინაობის დასახელება აზრს კარგავს. გამორიცხული არ არის, შუამავლის ანაბეჭდიც იყოს წერილზე.

ერთი უცნაურობა მინდა, გითხრათ ამ საქმეზე: მამუკა ხაზარაძემ, მას შემდეგ რაც ამ წერილის არსებობის შესახებ განაცხადა, პროკურატურამ დაგვიბარა და ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოში წავედით. განგვიმარტეს, რომ მოქმედი საქმის ფარგლებში ვიკითხებოდით, რომელიც ფულის გათეთრებაზე მიმდინარეობდა. მეორე უცნაურობა ის აღმოჩნდა, რომ საქმის მასალების გადმოცემისას ეს გამოკითხვა საქმის მასალებში არ იყო. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, რა სამართლებრივ სივრცეში უნდა გადავცე ეს დისკი, მაგრამ აუცილებლად გადავცემ", - განაცხადა კორძაძემ.

ადვოკატის თქმით, წერილზე ექსპერტიზამ ათეულობით ადამიანის ანაბეჭდი აღმოაჩინა.

„ამ დისკს პროკურატურაში წარვადგენთ. მასზე ათეულობით ანაბეჭდია. დანარჩენი გამოძიების საქმეა, არც თუ ისე, რთული, მან უნდ მოახდინოს ამ ანაბეჭდების იდენტიკიფიკაცია და შემდეგ უნდა გამოკითხოს ეს პირები და დაუსვას ერთი კითხვა, როგორ მოხვდა მათი ანაბეჭდი ამ წერილზე. ბრიტანეთიდან ამ ეტაპზე არ ველოდებით დამატებით რამეს ექსპერტიზის სახით. გრძელდება ლინგვისტური და სხვა სახის ექსპერტიზები, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რა მონაცემებიც გვაქვს, ის პროკურატურას წარვუდგინოთ. რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ითქვას, ვისი ანაბეჭდი არის ზედ", - განაცხადა კორძაძემ.

ადვოკატების განმარტებით, ისინი ლონდონიდან წერილის დედანს ელოდებიან, ამის შემდეგ კი  ექსპერტიზის პასუხებსა და წერილს პროკურატურაში წარადგენენ. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ ლონდონში ექსპერტიზაზე ე.წ. „გახარიას წერილი“ მიმდინარე წლის მარტში გააგზავნა. საუბარია იმ წერილზე, რომელიც „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შუამავლის დახმარებით მიიღო და რომელშიც "ყველანაირი წინაპირობის გარეშე" შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

როგორც ხაზარაძე ჯაფარიძის ბრიტანელმა ადვოკატმა სტივენ ქეიმ განაცხადა , ცნობილი მუქარის წერილის ექსპერტიზა დასრულდა, შედეგები ანალიზდება და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

„ახლა მიდის წერილის ლინგვისტური და სხვა ტიპის ანალიზი. შესაბამისი გამოძიების შემდეგ ის აუცილებლად წარედგინება სასამართლოს, როგორც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება“-განაცხადა ქეიმ.

შეგახსენებთ იმ წერილის შინაარსს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა:

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

• ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.

• წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ნარკორეალიზებისთვის მსჯავრდებული ორი პირია