დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მშობლებს მოუწოდებს, ბავშვები წითელაზე აცრან, თუ შესაბამისი აცრა ორჯერ გაკეთებული არ აქვთ,– ამის შესახებ 11 სექტემბერს  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, 2019 წელს საქართველოში წითელას 3 910 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ორი ლეტალურად დასრულდა.

„გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბავშვებში დაფიქსირდა და არც ერთ მათგანს აცრა არ ჰქონდა გაკეთებული“,– აღნიშნა გამყრელიძემ.

ის გარდა მშობლებისა, 20-დან 40 წლამდე ქალბატონებსაც მოუწოდებს, აცრა გაიკეთონ, მსგავს შემთხვევეში ბავშვიც დაცული იქნება.

მისი თქმით, „წითელას ეპიდაფეთქება დამშვიდებისკენ წამოვიდა, კვირაში ერთეული შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა შესაძლებელია, სემოდგომაზე ისევ იფეთქოს.

„შესაძლებელია შემოდგომაზე, ზამთარში წითელამ ისევ იფეთქოს, რადგან ჩვენს ირგვლივ 2018 და 2019 წლებში წითელამ შეაწუხა თითქმის ყველა ქვეყანა ევროპაში, ასევე გლობალურად მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, იყო ევროპაში სიკვდილობის შემთხვევები. ჩვენთანაც იყო ორი შემთხვევა. ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ სასწავლო პროცესი იწყება მომდევნო კვირიდან და შევახსენოთ მოსახლეობას, გადაამოწმონ თითოეული ბავშვის აცრის კალენდარი. ბავშვი იცრება ორჯერ: ერთი და ხუთი წლის ასაკში. თუ სკოლაში შემსვლელი ბავშვი ორჯერ არ არის აცრილი, ვთხოვოთ მის მშობელს თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტური წინააღმდეგობა აცრის არ არის, მიიყვანონ ბავშვი პოლიკლინიკაში და აცრან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: სასწავლო პროცესი რიგი სკოლების გარდა, 16 სექტემბერს დაიწყება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული"