ახალგორი: იძულება ემიგრაციისთვის

ახალგორის ოკუპირებული რაიონის მაცხოვრებლები შეშფოთებულები არიან ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით ე.წ. საზღვრის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვის თაობაზე, რომელსაც ბევრი ადგილობრივი ემიგრაციისთვის იძულებად მიიჩნევს. 

განცხადება დე ფაქტო საზღვრის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გასულ ორშაბათს გააკეთა და მიზეზად „საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს ოფიციალური თბილისის მიერ დაძაბულობის ესკალაცია“ დაასახელა. როგორც დე ფაქტო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამტარი პუნქტები მუშაობას „ვითარების ნორმალიზების შედეგ“ განაახლებენ.  

რას ნიშნავს „ვითარების ნორმალიზება“ – არავინ აკონკრეტებს. ახალგორელების ვარაუდით, აქ შეიძლება, იგულისხმებოდეს როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ამასწინათ გახსნილი ახალი საგუშაგოს გაუქმება, ისე, მაგალითად, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმება, რასაც ოსური მხარე ქართულისგან უკვე წლებია, უშედეგოდ ითხოვს. ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ პირობები ცვალოს, მით უფრო, რომ დე ფაქტო საზღვრის დაკეტვა–გახსნასთან დაკავშირებით ისინი ადგილობრივი ბიუროკრატების პოზიციის ხშირი ცვლის მომსწრენი ადრეც არაერთგზის ყოფილან. 

ახალგორში მოარული ხმების მიხედვით, დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება პირადად „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა მიიღო და შესაბამისად, მისი გახსნის საკითხსაც ის გადაწყვეტს, ხოლო როდის მოხდება ეს და მოხდება თუ არა საერთოდ – არავინ იცის, ვინაიდან ბიბილოვს ეს საკითხი არავისთან განუხილავს.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ანალოგიურ პირობებში დე ფაქტო საზღვარი საქართველოში გრიპის პანდემიასთან დაკავშირებით დახურეს, კარანტინი 2,5 თვეს გაგრძელდა და მერეც დე ფაქტო საზღვარი ახალი პირობებითა და შეზღუდვებით გახსნეს, გადაადგილება ძველი პირობებით დღემდე აღარ აღმდგარა.

ისევე, როგორც წლის დასაწყისში განხორციელებული დახურვის დროს, ამჯერადაც დე ფაქტო საზღვარი მოულოდნელად, მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილების გარეშე დახურეს. 3 სექტემბერს ადგილობრივებს გამოუცხადეს, რომ იგი ერთი დღე–ღამით იკეტებოდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ საუბარია განუსაზღვრელ ვადაზე. შედეგად ოკუპირებულ რაიონში ჩარჩნენ არდადეგებზე ჩასული სტუდენტები, რომელთაც თვის ბოლოს სწავლა ეწყებათ, ახალგორის რაიონში აგარაკების მფლობელები, რომლებიც იქ ზაფხულობით ჩადიან დასასვენებლად, ასევე ექიმები და პედაგოგები, რომლებიც ოკუპირებულ რაიონში ყოველი დილით წეროვანიდან ჩადიან. ჩარჩენილები შეშინებულები არიან და არ იციან, მოახერხებენ თუ არა ოჯახებში დაბრუნებას. ამასთანავე, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორი ჰუმანიტარული ვითარება შეიქმნება რაიონში ექიმებისა და პედაგოგების გარეშე.

გასულ ორშაბათს ახალგორს მაცხოვრებლები დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროს ვიტალი მამიტოვთან შესასვლელად გრძელ რიგში იდგნენ. მოგვიანებით ერთმანეთში საუბრებიდან მათ გაარკვიეს, რომ მამიტოვმა ნაწილს უთხრა, გზა დიდხანს არ გაიხსნებაო, ნაწილს – აღარასოდეს გაიხსნებაო. ამასთან, მისი თქმით, ისევე, როგორც კარანტინის დროს, ჩამოყალიბდება დე ფაქტო საზღვარს იქით გადასვლის მსურველთა სიები და გადასულებს უკან „ვითარების ნორმალიზებამდე“ აღარ დააბრუნებენ. ადგილობრივთა ცნობით, მამიტოვმა ასევე განაცხადა, მსურველებს თვენახევარი ექნებათ სიების სრულ ფორმირებამდე, მანამდე კი დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა არავის შეეძლებაო. 

გარდა ავადმყოფებისა, რომლებსაც სამკურნალოდ სასწრაფოდ ესაჭიროებათ თბილისში გადაყვანა, დიდი პრობლემა ექმნება ახალგორის რაიონში მცხოვრებ საკმაოდ ბევრ ადამიანს, რომელსაც სამუშაო გააჩნია, არც ოსური ე.წ. მოქალაქეობა და მხოლოდ ქართულ პენსიაზე ცხოვრობს, რომლის ასაღებად ყოველთვიურად წეროვანში სჭირდება ჩასვლა. რა ბედი ელით მათ, თუ დე ფაქტო საზღვარი დიდი ხნით ან სამუდამოდ ჩაიკეტება – გაურკვეველია.

ადგილობრივებმა დე ფაქტო პრეზიდენტისადმი მიმართვა მოამზადეს და ხელმოწერებს აგროვებენ. ისინი ბიბილოვის რაიონში ჩასვლას და მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ახსნა– განმარტებებს მოითხოვენ.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის ფაქტს „უკანონოდ“ აფასებს და აცხადებს, რომ  „თბილისი ცდილობს, ხალხი გაუმართლებელი პოლიტიკური ინტერესების მძევალი არ იყოს“. 

"ამ ჯერზე, როდესაც ოძისი-ახალგორის მიმართულებით მოძრაობა სრულიად შეფერხდა, თავად ცხინვალის დე-ფაქტო წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადება, რომ ეს ორი დღით იყო. გუშინ გაკეთებული განცხადებით, ვადა ფაქტობრივად არ დაუსახელებიათ, როდის შეიძლება გაიხსნას. ეს ზეწოლის მექანიზმია, რომლის მსხვერპლი და მძევალიც მოსახლეობაა, უბრალო ადამიანები, ძირითადად ახალგორის მოსახლეობა, სადაც უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ასევე ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩვენს ოს მოსახლეობაზე. როცა ერთადერთი სასიცოცხლო ხაზი იკეტება, ფაქტობრივად, რეგიონის სრული იზოლაცია ხდება და ჰუმანიტარული თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობა იქმნება", - ამბობს ციხელაშვილი.

სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი გააცნობიერებს იმ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, რაც ამ ზომებს მოჰყვება:

"მოგეხსენებათ, წინა წლის დასაწყისში, გადაადგილება ორი თვით ჩაიკეტა, ასეთივე აბსურდული მიზეზით, თითქოს ეს გრიპის ვირუსის გავრცელების საშიშროებას ქმნიდა, რომელიც ისედაც გავრცელებული იყო. თვეების შემდგომ, როცა ეპიდემია მთელს ევროპასა და მათ შორის, საქართველოში ამოიწურა, ცხინვალის რეგიონში ადამიანებს ამ ვირუსთან გამკლავება უხდებოდა. მათ შორის ბაღებსა და სკოლებში. მინდა მაინც გამოვთქვა იმედი, რომ იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც ამ ზომას ადამიანებზე ზეწოლისათვის იყენებს, გაცნობიერებული იქნება ძალიან მძიმე ჰუმანიტარული შედეგები, რომელიც ამას გაყოფილი ოჯახებისთვის მოჰყვება და აქედან გამომდინარე, უკანონო შეზღუდვა, რომელიც ისედაც შეზღუდულ გადაადგილებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, მოიხსნება".

მისივე თქმით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მორიგ უკანონო ქმდებასთან დაკავშირებით  თბილისი პარტნიორებთან მუდმივი რეჟიმში მუშაობს.

"სწორედ ახლა დავასრულე შეხვედრა ევროსაბჭოს მომხსენებლებთან, რომელთაც უკვე მერამდენე წელია, სამწუხაროდ, არ ეძლევათ ადგილზე წვდომის შესაძლებლობა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც გენერალური მდივნის დავალებით მუდმივად ამზადებენ სიტუაციაზე მონიტორინგის ანგარიშს. მათთანაც გვქონდა საუბარი ამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით ყველაზე მწვავე გამოწვევაზე. ასევე, ჟენევის თანათავმდჯომარეებთან. ბუნებრივია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც არის კომუნიკაცია. ჩვენ ყველა ამ არხით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დიდი ძალისხმევა იქნას გამოყენებული ამ ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილების მისაღებად, რათა ხალხი ასეთი გაუმართლებელი პოლიტიკური ინტერესების მძევალი არ იყოს. დავანებოთ თავი ამ ხალხს, რომელსაც გადაუჭრელი ოკუპაციის პირობებში ცხოვრება ისედაც ძალიან უჭირს. ამით ზარალდებიან ქართველებიც, ოსებიც, აფხაზებიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ რეგიონებში ცხოვრობს. დროა ადამიანური ფაქტორის გათვალისწინება მოხდეს მანამდეც, ვიდრე კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია