თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო

ახალგორელი აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა შიმშილობა დაიწყო. 

აქტივისტი განმარტავს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმდჯომარეების ყურადღების მისაპყრობად და მომავალ კვირას, მათთან შესახვედრად მიმართავს.

“დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მხოლოდ წყალს მივიღებ. პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მივმართავ იძულებით – მინდა შემხვდნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ხელისუფლებიბს მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ.

ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც. ჟურნალისტებს გთხოვთ დაინტერესდეთ, რათა ჩემს შესახებ ვროტესტის ადრესატებმა გაიგონ,“- წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში. 

მეარაყიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით "აქცენტმა" სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიმართა, სადაც აცხადებენ, რომ სამინისტრო მეარაყიშვილის საკითხთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ფორმით არის ჩართული. 

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე მის მიმართ უკანონო პროცესების დაწყებისთანავე (ე.წ. პროკურატურის, სასამართლო, თუ სხვა) აპარატი ჩართული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ კომუნიკაციაში მათი უპირობო შეწყვეტისა და მისთვის გადაადგილების შესაძლებლობის მიცემის მისაღწევად. მათ შორის,  ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებთან, მისი დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მომენტიდან, ვიდრე ამ კომუნიკაციების საფუძველზე, მისი გათავისუფლებისა და ახალგორში არსებულ საცხოვრებელ სახლში დაბრუნების მიღწევამდე.

თამარ მეარაყიშვილის მიმართ ყველა უკანონო პროცესის უპირობო შეწყვეტისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების საკითხი გაჟღერებულა არაერთი შეხვედრისა და კომუნიკაციის ფარგლებში. მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  (IPRM) შეხვედრებზე. ისევე როგორც მუდმივად ისმევა არაერთი ახალგორელის თავისუფლად გადაადგილების საკითხი, რომლებიც საკუთარ ოჯახებს წლობით არიან დაშორებულები და არ აქვთ ოჯახის წევრებთან  ურთიერთობის შესაძლებლობა. მითუფრო ახლა, როდესაც ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტილია და მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.

გარდა ამისა, თამარ მეარაყიშვილს, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სახელმწიფო  მინისტრის აპარატისა თუ სახელმწიფო მინისტრის შუამდგომლობით სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, კანონით გათვალისწინებული ფორმებით, მაქსიმალური ფინანსური მხარდაჭერა გაეწია. მათ შორის, დღეის მდგომარეობით.

აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავს იკავებს თამარ მეარაყიშვილისადმი სახელმწიფოს მიერ გაწეული ფინანსური დახმარების თაობაზე დეტალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისაგან, რათა ამ უკანასკნელს პოტენციურად არ შეექმნას საფრთხე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე", – განუცხადეს "აქცენტს" სახელმწიფო მინისტრის აპარატში. 

იხილეთ ასევე: “დაზარალებულები”, “მოწმეები” და “მტკიცებულებები” მეარაყიშვილის წინააღმდეგ

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სომხეთმა ერთსქესიანთა ქორწინების ამკრძალავი კანონპროექტის მიღებაზე უარი განაცხადა