ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობას “ლელო“ ერქმევა

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარძისა და ბადრი ჯაფარიძის საზოგადოებრივ მოძრაობას “ლელო“ ერქმევა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი ანაკლიაში გახდა, სადაც ამ წუთებში “თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლები საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციას მართავენ.

"ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი...  მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მან შეიძლება მადლობაც კი გადაუხადოს  ოპონენტებს მის წინააღმდეგ "შემოტევების გამო".

„შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკოსს, რომელთაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს. რადგან მე გავახილე თვალები და ვთქვი, რომ მე ასე ვერ გავაგრძელებ. ეს აღარ მეხება მე, ეს ეხება უკვე თითოეულ ჩვენგანს და მე აღარ მინდა, ამ ნაპირის მხარეს ვიდგე, აღარ მინდა, მერქვას ბიზნესმენი, რომელმაც ეს თქვენთან ერთად დიდი შრომის შედეგად განახორციელა. მე ახლა მინდა, რომ ვიღვაწო და საქმე გავაკეთო ყველასთვის, გამოცდილება, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, გამოვიყენოთ. რაც ყველაზე მთავარია, შეიქმნას ნიადაგი, რომ ეს ნიჭიერი ქართველები, ნიჭიერი ხალხი, რომელიც მიმოფანტულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მივცეთ მათ დაბრუნების საშუალება. ჩვენი გამარჯვება იქნება, როცა ჩვენი ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას და ეს იქნება პირველი ნიშანი, რომ საქართველოში ქართველები უნდა დაბრუნდნენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა