ცხინვალში ახალი სამხედრო სტრუქტურის ჩამოყალიბების იდეას განიხილავენ

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ახალი სამხედრო სტრუქტურის ჩამოყალიბების იდეას განიხილავენ. ამ წინადადებამ დე ფაქტო პარლამენტში წნელისსა და წინაგართან საგუშაგოების განთავსებით გამოწვეული დაძაბულობის ფონზე გაიჟღერა. დე ფაქტო დეპუტატები თვლიან, რომ 2015 წელს რუსეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების საფუძველზე ოსური ჯარის ფაქტობრივი ლიკვიდაციის შემდეგ დე ფაქტო შსს–სა და უშიშროების კომიტეტის მცირე სპეცდანაყოფები არასაკმარისია "რესპუბლიკის" უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უახლოეს ხანებში ოსურ ე.წ. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა იგეგმება.  

„სოფელ წნელისთან შექმნილმა ვითარებამ ნათლად აჩვენა, რომ საქართველო არ წყნარდება, კვლავინდებურად აქვს პრეტენზიები ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მზადაა გარკვეული ლოკალური კონფლიქტებისთვისაც, მეორეს მხრივ, ვითარებამ აჩვენა ისიც, რომ რუსი სამხედროები ლოკალურ კონფლიქტებში ვერ ჩაერევიან. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვყავდეს საკუთარი ძალები და გაგვაჩნდეს საკუთარი შესაძლებლობები მსგავსი სიტუაციებისთვის. ვითარება წნელისში ნათელი დასტურია იმისა, რომ სამხრეთ ოსეთს უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით პრობლემები გააჩნია. სადღეისოდ, ჩემი აზრით (და ამ აზრს თითქმის ყველა დეპუტატი იზიარებს),  ჩვენს რესპუბლიკას მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად საკმარისი სახსრები არ გააჩნია, ამიტომაც გვესაჭიროება სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც პრეზიდენტს დაექვემდებარებოდნენ“, – აცხადებს იდეის ერთ–ერთი ინიციატორი, პარტია „ნიხასის“ ლიდერი დავით სანაკოევი.

ცნობისთვის: 2015 წელს ე.წ. ოსური არმიის ფაქტობრივი ლიკვიდაცია რუსეთთან გაფორმებული საინტეგრაციო ე.წ. შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. დოკუმენტის ინიციატორად იმხანად დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, ამჟამად "პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი მოგვევლინა. თუმცა არავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს, რომ ამ უკანასკნელს ეს ე.წ. დოკუმენტი პარტია „ერთიანი ოსეთის“ ინიციატივის სახელით ლობირებისთვის მოსკოველმა კურატორებმა მიაწოდეს. ერთადერთი დე ფაქტო ხელისუფლებაში, ვინც მის განხორციელებას შეეწინააღმდეგა, იმხანად დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი გახლდათ. მან ჯერ ტექსტი განასაჯაროვა და ფაქტობრივად საზოგადოების განხილვის საგნად აქცია, შემდეგ კი ალტერნატიული პროექტი წარმოადგინა, რომელიც, ბევრის აზრით „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელი" იყო. ე.წ. საპარლამენტო უმრავლესობამ მაშინ სანაკოევის გადადგომა მოითხოვა. ამ მოთხოვნას უერთდებოდა ოსური უშიშროების იმჟამინდელი ხელმძღვანელი ვიქტორ შარგაევიც, იმხანად დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა კი მოსკოვთან დაპირისპირებას თავი აარიდა და სანაკოევი, რომელიც მის კადრად ითვლებოდა, დათმო. ყველა მშვენივრად ხვდებოდა, რომ სანაკოევის გადადგომის დეკლარირებული მიზეზი შორს იყო რეალურისგან, რომელიც სწორედ ოსური ე.წ. არმიის ფაქტობრივი ლიკვიდაციის გაპროტესტებას უკავშირდებოდა.    

იმხანად განიხილებოდა რამდენიმე ალტერნატიული პროექტიც, მათ შორის – ისეთები, რომელიც ერთგვარ კომპრომისს წარმოადგენდა ერთის მხრივ, მოსკოვის მიერ ოსური ე.წ. არმიის ლიკვიდაციის სურვილსა და მეორეს მხრივ, თავად ოსების სწრაფვას შორის, საკუთარი, თუნდაც ნომინალური ჯარი შეენარჩუნებინათ, მაგალითად, დე ფაქტო დეპუტატი ამირან დიაკონოვი გამოდიოდა წინადადებით, ოსური ქვედანაყოფები მთლიანად გადასულიყვნენ მეოთხე ბაზის დაქვემდებარებაში და თუ სამომავლოდ ბაზა რაღაც მიზეზით ოკუპირებული რეგიონიდან გავიდოდა, იმ დროისთვის უკვე გაწვრთნილი და აღჭურვილი ოსური ქვედანაყოფები ადგილზე დარჩენას შეძლებდნენ. იყო ასევე იდეა, ადგილობრივებისგან დაკომპლექტებულიყო ცალკეული ქვედანაყოფები, თუმცა იმჟამინდელმა დე ფაქტო ხელისუფლებამ ოსური ე.წ. არმიისთვის ყველაზე გამანადგურებელ ვარიანტზე შეაჩერა არჩევანი. 

ოსურმა საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მტკივნეულად აღიქვა. სოციალურ ქსელებში მაშინ ბევრი იხსენებდა ორ შემთხვევას კონფლიქტის ისტორიიდან, როდესაც საბჭოთა და რუსულ შემაკავებელ ძალებს ღამით საკუთარი პოზიციები დაუტოვებიათ და ცხინვალი დაუცველი მიუგდიათ.

უკვე ჯარის ლიკვიდაციის შემდეგ ბევრი დე ფაქტო ხელისუფლებას შვეიცარიულ ვარიანტს სთავაზობდა პრინციპით „ყველა მამაკაცი რეზერვისტია, მიწერილია გარკვეულ ქვედანაყოფს, სახლში ინახავს სატაბელო იარაღსა და ამუნიციას“. თუმცა თავდაცვის დე ფაქტო ექს–მინისტრი ოლეგ თეზიევი ამ ვარიანტის განხორციელებას ჯერ–ჯერობით შეუძლებლად მიიჩნევს:

„შვეიცარიული ვარიანტი კარგია, თუმცა ჩვენ მისთვის ჯერ მზად არ ვართ, იარაღი, რომლებიც სახლებში ინახება, ყველა წესის დაცვით უნდა იყოს რეგისტრირებული, ჩვენ კი მსგავსი შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, მათ შორის – ხელისუფლებისადმი უნდობლობის გამო. ჩვენ უკვე გვაქვს პრეცედენტი, როდესაც უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე მოსახლეობა განუიარაღებიათ. ამიტომაც სრულად ვეთანხმები დავით სანაკოევს. ფორმატი შეიძლება, ნებისმიერი იყოს – ეროვნული გვარდია ან ჩვენს შემთხვევაში ალანური გვარდია, შეიძლება, შევჩერდეთ შეზღუდული სამხედრო კონტინგენტის ფორმატზე, მაგრამ ის ყველა შემთხვევაში პროფესიონალურ საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს და რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთიანი ხელმძღვანელობით“.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერა მყარია