ხელისუფლების რექცია ხაზარაძის „ლელოზე“: „მდარე შთაბეჭდილება დამრჩა, მეტს მოველოდი“

ხელისუფლების რიგი წარმომადგენლები ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნების ფაქტს ეხმიანებიან და მოძრაობის პრეზენტაციაზე წარმოთქმულ ხაზარაძის სიტყვას „მდარედ“ და „პოლიტიკურ სადღეგრძელოდ" აფასებენ. 

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი:

“მართალი გითხრათ, არ მოველოდი. ბიბლიურ, მისტიურ, ლირიული წარმოდგენა ჰქონდა – ლელო, საქართველო, პოეზია… მე უფრო მეტს მოველოდი. ძალიან მდარე შტაბეჭდილება დამრჩა და მეტი კომენტარი არა მაქვს. მომავალში ვნახოთ, როგორ განავითარებს”.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი:

„რამდენადაც ბატონი მამუკა უკვე შემოვიდა პოლიტიკურ ველში და მე შემიძლია, უკვე ვიყო კრიტიკული და მოვუწოდო კიდეც გარკვეული ნაბიჯებისკენ. მივესალმები, თუ მოახერხებს ახალგაზრდებს ჩართავს პოლიტიკურ პროცესში. მის პარტიას თუ არ გამოადგება, ქვეყანას მაინც გამოადგება. ამას მართლა მივესალმები. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მიზნებს, თუ მისი მთავარი პოლიტიკური მიზანია, ანაკლიის პროექტის რეალიზება მოახდინოს, მირჩევნია, გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ სახელმწიფომ 100 მლნ უკვე დახარჯა, შეასრულა თავისი ვალდებულებები და უმჯობესია, ახლა მანაც შეასრულოს ვალდებულებები. ამას ვამბობ აბსოლუტურად გულწრფელად. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.  დღეს მას მოვუსმინე. შეიძლება, ირონიულად გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერ–ჯერობით უფრო პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა“. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე:

„დიდი იმედი მაქვს, მოძრაობა „ლელო“ არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია, რადგან ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება, ეს არის საზოგადოების პოლარიზაცია, სიძულვილი და შუღლი. ჩვენ თანამშრომლობას გამოვრიცხავთ ერთადერთ დესტრუქციულ ოპოზიციასთან –  დღევანდელი მდგომარეობით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტებთან. თუ „ლელო“ არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია, მომავალი გვაჩვენებს“.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ დაარსებული საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება „ლელოა“. ახალი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართა. მამუკა ხაზარაძის თქმით, უახლოეს ხანში მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება და ლიდერების პარტია იქნება. 

მისივე გაცხადებით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც ერთ პოლიტიკური პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას.

"არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე, როდესაც მოვხვდებით პარლამენტში, იქ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც სახელმწიფოებრიობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020 წლის არჩევნების მოგებაზე იმიტომ, რომ პარტიაში გაერთიანებულები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული სხვადასხვა სფეროებში“,– განაცხადა ხაზარაძემ ანაკლიაში დღეს გამართულ პრეზენტაცაზე. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა