რასმუსენ-აპატურაის მიერ გამოწვეული ვნებანი და საერთო ეროვნული იდიოტიზმი ტერიტორიული მთლიანობის ჭრილში

ნატო–ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ 10 ივნისს გაჟღერებული ხმაურიანი ინიციატივის შემდეგ მალევე ახალი აჟიოტაჟის საფუძვლად ამ იდეაზე ნატო–ს გენმდივნის სპეცწარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის კომენტარი იქცა. თავად იდეა, რომელიც არახალია და საექსპერტო წრეებში უკვე წლებია, განიხილება, გულისხმობს, ტეროტირიული დავების მქონე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დათქმით, რომ პირველ ეტაპზე ნატო–ს წესდების კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლი მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება. რასმუსენის ამ იდეას მოჰყვა უსაფუძვლო აჟიოტაჟი, თითქოს ქვეყანა ტერიტორიებს დაკარგავს. გარკვეულწილად ამ ნარატივის გავრცელებაში მმართველი გუნდის ლიდერებიც ჩაერთვნენ, როდესაც მოჰყვნენ მტკიცებას,  რომ საქართველო ნებსიმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპით გაწევრიანდება. რატომ დადგება დღის წესრიგში ეს საკითხი, მით უფრო, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მთელი ცივილიზებული სამყარო, მათ შორის ნატო-ც აღიარებს, როგორც ორგანიზაცია და მისი წევრი ყველა სახელმწიფოც, ამ დრომდე არავის აუხსნია. ჟღერდა მხოლოდ შეთქმულების თეორიები, «დასავლეთი გვაპარებს, ტერიტორიების დაკარგვას შევეგუოთო“. მაგრამ აპატურაის განცხადებამ, „ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს, ვერ ვხედავ ნატო-ში ინტერესს, ეს საკითხი განიხილოს და ასევე არ მჯერა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების სადღეისოდ არსებულ გარემოში ეს იდეა დროული იყოსო“, შექმნა ახალი ფონი სპეკულაციებისთვის, „ნატო არ მიგვიღებსო“.  

რას გულისხმობს აპატურაის განცხადება და აქვს თუ არა დისკუსიას აზრი?

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აპატურაის განცხადებას გაჟღერებულ იდეაზე ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციას უკავშირებს:  


„ეს არის თემა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება უნდა აქტიურობდეს. სანამ საქართველოს ხელისუფლება არ იქნება აქტიური, მანამდე ნატო–ს ჩინოსნები, მათ შორის ჩვენი მეგობრები – აპატურაი თუ სხვები, თავშეკავებულები იქნებიან. ეს არ არის თემა, რომელიც შეიძლება, თავზე მოგვახვიონ. ჩვენგან უნდა მიდიოდეს იმპულსი, ჩვენი ხელისუფლებისგან კი ეს იმპულსი არ არის: ვნახეთ ამ ორი დღის განმავლობაში, როგორი რეაქციები მოჰყვა ამ იდეას, მათ შორის - ბატონი ვოლსკისა და სხვებისგან, ვითომ ისინი ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ. რეალურად, ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე არ ექმურება, მაგრამ მათ პოპულისტური და, ჩემი აზრით, მცდარი მიდგომა არჩიეს. შექმნილ ვითარებაში კი, ბუნებრივია, ნატო–ს ჩინოსნები, ჩვენი მეგობრები არ წავლენ ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ“.

„აქცენტთან“ საუბრისას კაპანაძე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებებს იხსენებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება თავის დროზე ევროკავშირთან აწარმოებდა:   

„მაგალითად, თავის დროზე ევროკავშირისგან ვითხოვდით თავისუფალ ვაჭრობას, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. ევროკომისარმა ასეთი ფრაზა გვითხრა: „თქვენსავე ფეხში რომ ტყვია ისროლოთ, ასეთ რამეს გვთხოვთო“. ავუხსენით, რომ ასე არ იყო, ჩვენ მზად ვიყავით და საბოლოო ჯამში, ღრმა და ყოვისმომცველი ვაჭრობაც კი მივიღეთ. ამას სჭირდება ხელისუფლების სწორი პოზიცია და შემდეგ ამაზე მიზანმიმართული მუშაობა. მაღალჩინოსანი რაც არ უნდა მეგობარი იყოს შენი, ის ვერ იქნება ამ თემის „ძრავა“.

მისი შეფასებით, „კარგია, დისკუსია რომ გაიხსნა, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ამ დისკუსიაში ხელისუფლება სწორ პოზიციაზე არაა“:

«ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ არ გვყავდა საკმარისი რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ იდეას აიტაცებდნენ და ხმამაღლა გააჟღერებდნენ. რასმუსენის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირის მიერ  ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული „ტვიტი“ შესაძლოა, დღეს უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ექსპერტების რამდენიმეთვიანი დისკუსია. ეს ვერ იქნება პირდაპირი შეთავაზება, თუ ის არ წამოვიდა დედაქალაქიდან და ოფიციალური სტრუქტურიდან, მაგრამ როდესაც გავლენიანი ფიგურა, ყოფილი გენერალური მდივანი ამ შეთავაზებას იმეორებს, ეს ნიშნავს, რომ მას გაცილებით მეტი ადამიანი გაიგონებს“.    

ანალიტიკოსი დავით ბრაგვაძე ფიქრობს, რომ აპატურაის მხრიდან სხვა პოზიციის დაფიქსირება „უცნაური იქნებოდა“:  


„ცოტა უცნაურიც იქნებოდა, აპატურაის ეთქვა, «მოდით, დავიწყოთ მსჯელობა დღესვეო». რასმუსენმაც ის თქვა, ეს არის იდეა, რომელზეც უნდა იმუშავოს პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა დიპლომატიამ, ქვეყნის შიგნით იმსჯელონ, რამდენად არის მსგავსი მოდელი ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღებიო».

საერთაორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძის შეფასებით კი, „სახელმწიფო ძალიან არასერიოზურად წარმოჩინდება, როდესაც მის პარტნიორებს ამგვარი განცხადებების კეთება უწევთ“.

„რასმუსენმა ეს მოსაზრება კონფერენციაზე გამოთქვა, კონფერენცია კი იმისთვისაა, რომ მოსაზრებები გაიცვალოს. შესაბამისად, ეს არ გულისხმობს, რომ ნატო–ს წევრ სახელმწიფოებს უკვე აქვთ შეჯერებული რაიმე პოზიცია. მეორე საკითხია, დათქმის არსებობა რას უზამს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, არსებობს ძალიან მკაფიოდ გამიჯნული სასაზღვრო ზოლები, რომლის მიღმაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება. ჩვენ ნატო–ში შევალთ თუ ევროკავშირში, მოგვიწევს, ჩვენი მხრიდანაც გაიმიჯნოს ტერიტორიები. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ტერიტორიულ მლიანობაზე უარის თქმას. უსაფრთხოების გარკვეული რეჟიმების შემოღება არა ამ ტერიტორიების, არამედ იმ მოცემულობის აღიარებას გულისხმობს, რომელშიც ვცხოვრობთ, რომ სადღაც იწყება უკონტროლო ტერიტორია. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ერთადერთი რამ უქმნის საფრთხეს და ეს ჩვენი საერთო ეროვნული იდიოტიზმია: არ შეიძლება, ასე ვმსჯელობდეთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე და მსგავს უხერხულობას ვუქმნიდეთ პარტნიორ ორგანიზაციებს“.

გობრონიძე ამბობს, რომ არც ერთი დისკუსიის დროს არ დასმულა საკითხი ასე, საქართველომ ან დასავლური კურსი აირჩიოს, ან ტერიტორიული მთლიანობა:


„ერთ–ერთი მთავარი დასავლური ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ არსებობს სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპი; არ შეიძლება, ლეგიტიმაცია მიეცეს რეჟიმს, რომელმაც ეთნიკური წმენდა მოაწყო ხალხის წინააღმდეგ; არ შეიძლება, ადამიანის უფლებების გაუთვალისწინებლად იქნას მიღებული რაიმე ტიპის გადაწყვეტილება და სახელმწიფოები ტერიტორიებს აქეთ–იქეთ მარტივად ისვრიდნენ. დემოკრატიული სამყარო თანხმდება, რომ ძალის გამოყენება ან ამის მუქარა მიუღებელია საერთაშორისო ურთიერთობებში. ამიტომაა, რომ ევროპა ინარჩუნებს თავის პოლიტიკურ მშვიდობას, აღრმავებს ინტეგრაციას“.  

რაც შეეხება აპატურაის განცხადებას, რომ ნატო ამ ეტაპზე მზად არ არის საკითხზე სამსჯელოდ, ეს გობრონიძეს უჩენს კითხვას, „ჩვენი საზოგადოება მზადაა?“:

„ამ ორი დღის განმავლობაში დავინახეთ, რომ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში წაკითხულიდან ან მოსმენილიდან შინაარსის გამოტანის სერიოზული პრობლემა გვაქვს. მეორე საკითხია, ტერიტორიულ პრობლემას რომ შევეშვათ,  სახელმწიფო დანარჩენი პარამეტრებით არის თუ არა მზად ნატო-ს წევრობისთვის? რატომ გვიკვირს, როდესაც ჩვენი პარტნიორი გვეუბნება, რომ ჩვენ რაღაცეებისთვის მზად არ ვართ? კი ბატონო, თავდაცვის სისტემა პასუხობს ნატო–ს სტანდარტებს, მაგრამ სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის ხარისხით და დემოკრატიულობის თვალსაზრისით ვართ მზად?! ვიღაც იტყვის, რომ თურქეთიც არ არის დემოკრატიაო, მაგრამ ის 50–იან წლებში მიიღეს და მაშინ სხვა მოცემულობა იყო. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ამ საკითხზე, დღევანდელი ჩვენი რეალობა კი ისეთია, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე გვიქმნიან მოლოდინს, რომ ქვეყანა შესაძლოა, თავზე დაგვემხოს. ასეთი პოლიტიკური კულტურის ქვეყანა ვართ და რატომ გვგონია, რომ სხვა გვბლოკავს? ან ავიღოთ თუნდაც ეკონომიკური პოტენციალი: ახალი ხელისუფლების პირობებში მართლაც სერიოზულად შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი გაერო–ს სტატისტიკით, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ისევ იზრდება სიღარიბე, ეკონომიკას პრობლემები აქვს. აქ ნატო კი არა, ჩვენ ვართ მთავარი პრობლემა საკუთარი თავისთვის: ვერ შევდექით სახელმწიფოდ, რომელიც იქნებოდა პროგნოზირებადი, საიმედო საერთაშორისო პარტნიორი. ამდენად, დღეს არ არის ის მოცემულობა, რომ ნატო–მ ამ წუთს იმსჯელოს ჩვენს გაწევრიანებაზე“.  

ამასთან, გობრონიძე იმ პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაუყონებლივ გაწევრიანების შესახებ ცრუ მოლოდინებს ქმნიან და ეს შემდგომში საზოგადოებაში იმედგაცრუებას იწვევს:

„პარტნიორობის დინამიკა ცალსახად პოზიტიურია, პარტნიორობამ რეფორმების გატარების შესაძლებლობა მოგვცა, გვეხმარებიან, რომ უკეთესი სახელმწიფო შევქმნათ. რომ არა ის დახმარება, რომელიც ნატო–დან და ევროკავშირიდან მოდის, უარესი სახელმწიფო გვექნებოდა. რატომ არ უნდათ, პარტნიორობის ეს პოზიტივი უჩვენონ სსაზოგადოებას?!“.

ნატო–ს წევრობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები და პასუხები

უშუალოდ რასმუსენის იდეის მიმართ წინააღმდეგობა რიგმა ჯგუფებმა თავად ნატო–ს წევრობის წინააღმდეგობის «სოუსში» განიხილეს, თქვეს რა, რომ 2008 წლის შემდეგ ალიანსში გაწევრიანება საქართველოსთვის დამღუპველია. მათი არგუმენტები შეიძლება, რამდენიმე მესიჯად ფორმულირდეს:

პასუხი ოპონენტების არგუმენტს, «გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოში განთავსდება ნატო-ს ჯარი და ქვეყანა დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირების ეპიცენტრად იქცევა»

სერგი კაპანაძე: „ნატო–ს გაფართოებამ აჩვენა, რომ სადაც ალიანსი შევიდა, იქ დაპირისპირება შემდეგ არასოდეს მომხდარა. ნატო-ს წევრობა არის გარანტია, რომ რუსეთი ან სხვა რომელიმე აგრესიული სახელმწიფო არ ჩაერთვება შენთან კონფლიქტში“.

დავით ბრაგვაძე: „ნატო თითქმის 70 წელია, არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მისი წევრი არც ერთი სახელმწიფო არ ქცეულა ორ მოწინააღმდეგე ბანაკს შორის ღია კონფრონტაციის ეპიცენტრად, რადგან ეს არ შედის დასავლური სამყაროს, ნატო–ს ინტერესებში. ალიანსს რომ ვინმესთან კონფრონტაცია სურდეს, ამისთვის წლებია, შესანიშნავი საფუძვლები აქვს, რადგან დიდი ხანია, ოკუპაციის პირობებში ვითხოვთ ნატო–ს წევრობას და ამ წევრობას ვერ ვიღებთ, რადგან ამ კონფრონტაციისთვის მზად არავინაა დასავლურ სამყაროში. ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს პრორუსულად განწყობილი ჯგუფების აბსოლუტურად სპეკულაციური მიდგომაა, რომ მოახდინონ ზოგადად ნატო–ში გაწევრიანების იდეის დისკრედიტაცია, ქართულ საზოგადოებას დაუხატონ სურათი, თითქოს ნატო იმას კი არ ნიშნავს, რასაც რეალურად გულისხმობს - სტაბილურობას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას, არამედ მესამე მსოფლიო ომს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც სრული აბსურდია“.  

პასუხი ოპონენტების არგუმენტს, «თუ საქართველოში ნატო–ს ჯარი განთავსდება, რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან აღარ გავა»

სერგი კაპანაძე: „ალტერნატიული გზა რა არის? ჩვენი ტერინტორიები ოკუპირებული იყოს, ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყოს რუსული ჯარი, მეორე მხარეს კი არაფერი? უნდა იყო ძლიერი, იყო ძლიერი ალიანსის წევრი, რათა ერთის მხრივ, თავი დაიცვა პოტენციურად მომდინარე საფრთხეებისგან და მეორეც – შეძლო, აჩვენო მეორე მხარეს, რომ ხარ უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ, ხარ ორიენტირებული განვითარებაზე, გამდიდრებაზე, რაც მეორე მხარისთვის [ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის] იქნება მიმზიდველი.   ეს ვარიანტი სჯობს თუ ის, რომ იყო სტატუს–ქვოში, როდესაც იქეთ არის მთელი ძალა, არიან აგრესიულები, შენ კი მოწყვლად მდგომარეობაში ხარ?! ეს ლოგიკა არ მესმის“.

დავით ბრაგვაძე: „თუ საქართველოს არ ექნება უსაფრთხოების მყარი გარანტიები, როგორც მინიმუმ, იმ ნაწილზე, რომელსაც დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლება აკონტროლებს, ასეთ შემთხვევაში ვერ შევძლებთ, რუსეთი ოდესმე გავიყვანოთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ნატო-ს წევრობა სხვა ინსტრუმენტებთან ერთად იმისთვის გვჭირდება, რომ გვქონდეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები შემდგომში ამ კონფლიქტების მოგვარების და დეოკუპაციის ეფექტური გზების ძიებისთვის“.  

გიორგი გობრონიძე: „პოლიტიკოსმა, რომელიც ნატო–ს სტრუქტურაში ერკვევა, ისე არ უნდა წარმოაჩინოს, თითქოს შემოვა ნატო–ს ჯარი და დაგვიპყრობს, თან აქცენტი კეთდება თურქეთის არმიაზე – ის აიღებს ამ პასუხსიმგებლობასო. ჯერ ერთი, საიდან იციან ეს და რატომ ემთხვევა ეს ინფორმაცია რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გამოქვეყნებულ სისულელეს? ნატო არ არის ორგანიზაცია, რომელიც გარნიზონს ჩაგიყენებს, როგორც ამას ოდესღაც ბიზანტიის იმპერია აკეთებდა! ვიქნებით ნატო–ს სამხედრო სტრუქტურის ნაწილი, გვექნება გარკვეული პასუხისმგებლობები და ეს მოგვცემს მეტ გარანტიას, დაცულები ვიყოთ რუსეთის პოტენციური აგრესიისგან. დღეს რეგიონში გამალებულ სამხედრო აღმშენებლობას ვხედავთ. აქ ნატო–ს ჯარი არ დგას, მაგრამ 16–მდე სამხედრო ბაზა მხოლოდ ცხინვალშია, გალში სამხედრო ქალაქის მოწყობა მიმდინარეობს, მეტიც, პირველი სიახლე რუსულ შეიარაღებულ ძალებში ყოველთვის ეხება სამხრეთის სამხედრო ოლქს, რომელიც ასევე პასუხისმგებელია აფხაზეთში მე–7 და ცხინვალში მე–4 სამხედრო ბაზებზე. ამდენად, რუსეთი აღარასდროს გავაო, რომ ამბობენ, დღეს გადის?! პირიქით, შემდეგ მეტი შანსია, ჩვენ, როგორც ნატო–ს წევრმა სახელმწიფომ, სხვა პოზიციიდან ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან. თუ მშვიდობა გვინდა, მტერს უნდა ვესაუბროთ, მაგრამ გააჩნია, რა პოზიციიდან ესაუბრები და ვინ ხარ შენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ამდენად, თუ საქართველო კოლექტიური თავდაცვის დროში გამოცდილ და შემოწმებულ მექანიზმს წარმოადგენს, საერთაშორისო მოლაპარაკებათა მაგიდასთან პოზიციები მყარი, სულ მცირე, იმოტომაა, რომ ვერავინ გეტყვის, „თუ დოკუმენტზე არ მომიწერ ხელს, თბილისს მიწასთან გავასწორებო“. ამასთან, ყველა ძალა მოერიდება ნატო–ს საზღვარზე პროვოკაციების მოწყობას“.     

რამდენად გამოდგება ნატო-ში გაწევრიანების გერმანული მოდელი საქართველოსთვის

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ იდენტური რეალობები არ არსებობს, არსებობს პრეცედენტები:

„აქ საუბარი იმაზეა, რამდენად შესაძლებელია, ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი კონკრეტულ შემთხვევას მოარგო ისე, როგორც ჩვენ გვაწყობს. ნატო–ს ისტორიამ გვიჩვენა, რომ ეს შესაძლებელია. სხვადასხვა რეალობაში შესაძლოა, ეს სხვადასხვაგვარად იქნეს ინტერპრეტირებული და ეს არის ამოსავალი წერტილი“.  

რას ნიშნავს რუსეთთან პირისპირ დიალოგი

დავით ბრაგვაძე: „დიდი ხანია, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ამ იდეას აყენებენ დღის წესრიგში, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ არსებული რეალობიდან: ჩვენი ტერიტორიების 20%–ზე მეტი ოკუპირებულია; რუსეთი ღიად ამბობს, რომ აღიარების გადაწყვეტილების გადახედვის ალბათობასაც კი არ განიხილავს. ამ ვითარებაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის (რაც ურთიერთობებში არსებითად არაფერს შეცვლის), ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების განხილვა, ვფიქრობ, რუსული ნარატივია და ამას მოსკოვი არარსებული კეთილგანწყობის საჩვენებლად აკეთებს. რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან პირისპირ დარჩენა ნიშნავს იმას, რომ დაუცველები, ყოველგვარი გარანტიების და ბენეფიტების გარეშე ვესაუბროთ ძალას, რომელიც ჩვენს მიმართ აგრესიულად არის განწყობილი და იდეაშიც კი არ აქვს, ამ მოლაპარაკებების პროცესში რამე დაგვითმოს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ გვქონდეს პრინციპული პოზიციები, მაგრამ ეს საუკეთესო შემთხვევაში იქნება დროის ფუჭი კარგვა, უარეს შემთხვევაში კი – აღმოვჩნდეთ უარეს მდგომარეობაში: დაშვებაც არ მინდა, მაგრამ შესაძლოა, პრინციპულ საკითხებზე უკან დახევა მოგვიწიოს. ამდენად, უკეთეს შემთხვევაში მსგავს დიალოგს აზრი არ აქვს, უარეს შემთხვევაში კი წამგებიანი იქნება“.

რა პოზიცია ექნება ხელისუფლებას

ამაზე წარმოდგენის შესაქმნელად შესაძლოა, გამოდგეს პარლამენტის ვიცე–სპიკერის, მმართველი გუნდის ერთ–ერთ ლიდერ გია ვოლსკის კომენტარი, რომელიც მან 10 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა:


„თუ რასმუსენის შემოთავაზება წინააღმდეგობების გარეშე წავა, რა საკვირველია, საინტერესოა, განსახილველია, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში ხარ, უნდა დაუშვა შესაბამისი გართულებები. ნატო–ს წევრ ქვეყნებთან არის სამუშაო ამ თემაზე. მეორეც, თუ თეორიულ დაშვებაში ამდენად შევედით, მოდით, ესეც დავუშვათ: რუსეთმა გადაწყვიტოს, ნაკლები ტერიტორია დაუტოვოს ნატო-ს, მორიგი აგრესია განახორციელოს და კიდევ გააფართოვოს დაპყრობილი ტერიტორიების არეალი. როდესაც სახელისუფლებო პასუხისმგებლობა არ გაქვს, შესაძლოა, ეს გამორიცხო და გულზე ხელის ბაგინით ილაპარაკო. როცა ხელისუფლებაში ხარ, ვალდებული ხარ, საფრთხეები დაუშვა. ეს თეორიული დაშვებებია. რაც შეეხება პრაქტიკას, ამ თემაზე ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ თემა არარეალისტურია. თუმცა დღეს შეიძლება, არარეალისტურია და ხვალ რეალისტური გახდეს. ამაზე მუშაობაა საჭირო, ერთდღიანი საკითხი არაა. პირადად მე მხარს დავუჭერდი, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული... ვუშვებ, რომ ნატო–ს წევრ ქვეყნებს განსხვავებული და საკმაოდ არაპოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდეთ. მუშაობაა საჭირო“.

კითხვას, «თუ საკითხი დღის წესრიგში დადგა, შეიკავებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება თავს რუსეთის არგაღიზიანების ტრადიციული მოტივით», ვოლსკიმ ასე უპასუხა:  

„ჩვენ იმ დონის მხარდაჭერა გვჭირდება, რომელიც სამშვიდობოს გაგვიყვანს...  ეს საკითხი თუ დადგა დღის წესრიგში, ყველანაირად გარანტირებული უნდა იყოს და ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული. საქართველო ხვალვე მზადაა, ნატო–ს წევრი გახდეს, თუ პარტნიორები მხარს დაუჭერენ. ერთ მნიშვნელოვან მომენტს შეგახსენებთ: ამ თემაზე ნატო-ს წევრები უნდა შეთანხმდნენ, იყვნენ პრინციპულები და არა მხოლოდ შეთანხმდნენ, რუსეთსაც უნდა მიუჩინონ ის ადგილი, რომ ვერ გაბედოს მოძრაობა მარჯვნივ, მარცხნივ, პირდაპირ ან უკან. ისეთ შემთხვევას ნუ განვიხილავთ, რომელიც თეორიულადაც კი ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. მუშაობაა საჭირო“.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქარელი-კეხიჯვრის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა