"რეგიონებში ჩვენი კანდიდატები იგებენ, თბილისში სავარაუდოდ, გვექნება მეორე ტური“

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის, მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, საარჩევნო ადმინისტრაციას ხმის დათვლის საშუალება მშვიდ ვითარებაში მისცეს.

„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კიდევ ერთხელ ვიხილეთ დესტრუქცია, მათ შორის, მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან. ახლა მიმდინარეობს ხმების დათვლა. აქედან გამომდინარე, მინდა ყველას მოვუწოდო, მივცეთ კომისიას მშვიდ გარემოში დაასრულოს თავისი საქმიანობა, ისევე როგორც ეს შეეფერება ჩვენს საარჩევნო გარემოს, იმ უმაღლეს სტანდარტს, რომელსაც საქართველო ამკვიდრებს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ყველა საარჩევნო ოლქში თბილისის გარდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს.

„აქვე მინდა გითხრათ, რომ იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენთან არის მოსული, ყველგან ლიდერობს და პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები . რაც შეეხება თბილისს, აქ ჩვენ სავარაუდოდ, გვექნება მეორე ტური“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა საარჩევნო კომისიის ყველა წარმომადგენელს და სამართლადამცველებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp