ხაზარაძის თქმით, იგი არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა პრივილეგირებული

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა პრივილეგირებული 

"უბრალოდ, მინდა გაგახსენოთ, რომ პრივილეგიას იმას თუ ეძახით, რომ 90-იან წლებში, ბიზნესს როცა ვიწყებდით, საკმაოდ სერიოზული დარტყმის ქვეშ ვიყავით მხედრიონის მხრიდან, თუ იმას უძახით, რომ 1998 წელს „ბორჯომის“ ბიზნესში დიდი ინვესტიცია შემოვიტანეთ, 2008 წელს ბანკი და ჩემი პარტნიორები ომის შედეგად გავკოტრდით და ყველაფერი გავაკეთეთ ბანკისა და ქართული ეკონომიკის გადასარჩენად და დღეს სალანძღავ სიტყვად რომ აქცია დღევანდელმა ხელისუფლებამ ბანკი?! ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ მთელი ეკონომიკა. მე სამჯერ გაკოტრებული ვიყავი და სამჯერ ავაწყვე ეს ბიზნესი თავიდან ჩემს მეგობრებთან ერთად და აქედან ორი, თუ სამი კომპანია საერთაშორისო მნიშვნელობის გავხადე და ქვეყნის სახელი გარეთ გავიტანეთ და უამრავი ინვესტორი შემოვიყვანეთ. 6 მილიარდზე მეტი უცხოური ინვესტიცია გვაქვს შემოტანილი ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ასეულობით მილიონი ლარი გვაქვს გადახდილი, თუმცა ამაზე ჩვენ ხმამაღლა არ ვლაპარაკობდით.

თუ ის არის პრივილეგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, რომელსაც ხმა მივეცი, 2003 წელს სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ და სამი წლის განმავლობაში პროკურატურაში დამატარებდნენ; თუ ის არის პრივილეგია, რომ მათი მმართველობის ბოლოს ქონებას მართმევდნენ და პროკურატურაში, როგორც ყველაზე მძიმე დამნაშავეს, შუშის ოთახების წინ მკითხავდნენ, უბრალოდ, მე არ გამოვდიოდი“, – განაცხადა ხაზარაძემ "TV პირველის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას.

მისივე თქმით, იგი ამ ფაქტებზე ხმამაღლა არ საუბრობდა, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან არსებული შეთანხმებები და ბანკის დეპოზიტარები არ დაეზარალებინა. 

ცნობისთვის: საქართველოს ახალმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ  განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე პრივილეგირებული ბიზნესმენი იყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კომო თუ თბილისი – პარლამენტის თავმჯდომარე ტყუილში ამხილეს? [ფოტო]