საქართველოს მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება

საქართველოს მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით დღეს პირველად იმართება.

მისი თქმით, ვიცე-პრემიერის თანამდებობს დაიკავებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„მოგეხსენებათ, რომ ეს ჩენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს უფრო მეტად გააძლიერებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე გაიმართება.

„ვფიქრობ, ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის მედიისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გახარიას თქმით, მინისტრთა კაბინეტის ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება, დისციპლინა და ყველამ ერთად უნდა იზრუნოს პირველ რიგში, ახალგაზრდებზე, ბავშვებსა და ღვაწლმოსილ მოხუცებზე:

„მინდა, ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შევთანხმდით, რომ ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ჩვენი ძირითადი პრინციპი იქნება ღიაობა, მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებსა და ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე, მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდეგ, არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს მედიას ინფორმაცია, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომაზე განსახილველი არ ყოფილიყოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ ჩვენს პირველ შეკრებას ნდობის გამოცხადების შემდეგ.გილოცავთ განსაკუთრებით მობრუნებულ ჩვენს მინისტრებს. შევუდგეთ მუშაობას. მედია მადლობა". 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ფილმი „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელია