დღეს ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

დღეს  ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით მეოთხე ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ჩორჩანაში შექმნილი ვითარებაა. 

როგორც ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა გუშინ ოსურ მედიასთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე ოსური მხარე კვლავ დააყენებს ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღების საკითხს. 

ერგნეთში მსგავსი შეხვედრა ბოლოს 6 სექტემბერს შედგა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოსურმა უშიშროებამ განაცხადა, რომ საქართველოს შსს–ს ძალები დე ფაქტო საზღვრის ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე გააქტიურდნენ. 

კერძოდ, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 

  • სოფელ ღრომის მიმდებარედ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქრთველოს შსს–ს თანამშრომლები გარემოს რეკოგნოსცირებისა და ბლოკ–საგუშაგოს მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებენ; 

  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიდამოებში ქართული პოლიციის პირადი შემადგენლობის რიცხოვნობა 8–დან 40–მდე გაიზარდა. ბლოკ–საგუშაგოზე განათავსეს ერთი ჯავშანმანქანა „ოთოქარ კობრა“ და 4 მანქანა „ტოიოტა ჰაი ლუქსი“;

  • გორის მუნიციპალიტეტის სოფლების აძვისთავისა და ახალუბნის საგუშაგოებზე პირადი შემადგენლობის რაოდენობა 6–ან 12–მდეა გაზრდილი; 

  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში დაწყებულია საპოლიციო საგუშაგოს სამშენებლო სამუშაოები.

ოსური უშიშროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "აქცენტი" სუს–სა და შსს–ს დაუკავშირდა და კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ცნობისთვის:  აგვისტოს ბოლოს თბილისმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული პოლიციის საგუშაგო განათავსა. საპასუხოდ  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და თბილისის უარის შემდეგ, სოფელ წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა თავადაც დაიწყო. 

საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და მის გადატანას ამ ეტაპზე არ აპირებს.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, ქართული პოლიციის საგუშაგო „უკანონოდ მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“. ჯიოევის ინფორმაციით, ოსური მხარის წინადადებაა, რომ საგუშაგო აიღონ და წნელისსა და ჩორჩანას შორის ადგილი გამოცხადდეს უსაფრთხოების ზონად, სადაც არც ერთი მხარის საგუშაგო არ იქნება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გია ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში გოგი ოთხმეზურთან ერთად მიიღოს მონაწილეობა