რუსეთი დასავლეთს ამიერკავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთი დასავლეთს ამიერკავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, "დასავლელი, განსაკუთრებით ამერიკელი კოლეგები შესაშური სიჯიუტით განაგრძობენ უსაფუძვლო ბრალდებებს რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ და ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეუწყონ ამიერკავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას, ყველაფერს აკეთებენ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის“. 

ზახაროვას განცხადებით, "[აშშ და ევროპა] საქართველოს იარაღით ტენიან და სამხედრო ბლოკებში ითრევენ, რასაც ამ სახელმწიფოს და მთლიანად რეგიონის რაღაც სტაბილურობის მოტივით ხსნიან და მუდმივად საუბრობენ "რუსულ ოკუპაციაზე".

ზახაროვამ კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ 2008 წელს, ნატო–ს ბუქარესტის სამიტზე "აშშ-ის გავლენით მიღებული გადაწყვეტილება ალიანსში საქართველოს გარანტირებული გაწევრიანების შესახებ სააკაშვილის ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის მიმართ აგრესიის პირდაპირ სიგნალად აღიქვა და სწორედ ამ აგრესიის შედეგად შეიცვალა რეგიონში ვითარება, თუმცა დასავლეთის ანალიტიკოსები და ოფიციალური პირები ამის წინაპირობებსა და მიზეზებს ჯიუტად არ აღიარებენ".

„რეალიები ასეთია: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის სამოკავშირეო დახმარებაზე დაყრდნობით, რომელიც მათი უსაფრთხოების გარანტიაა, საკუთარ სახელმწიფოებრიობას ამტკიცებენ, წარმატებით ვითარდება მათი ეკონომიკა, სოციალური სფერო, საგარეო ვაჭრობა და საერთაშორისო კავშირები/ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, მაგალითად, სამხრეთ ოსეთში საქართველოზე მაღალი პენსიაა. ქართული აგრესიის და ეკონომიკური ბლოკადის შედეგად სერიოზულად დაზარალებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შედგნენ, აქვთ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო სახელისუფლებო ორგანოები, ვითარდება პოლიტიკური და დემოკრატიული პროცესები, მტკიცდება საერთაშორისო კავშირები", – განაცხადა ზახაროვამ და ამის "დასტურად" სირიის მიერ აღიარება დაასახელა.

„თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მათ, ვინც საინფორმაციო თვალსაზრისით ემსახურებიან, სურთ, გაიგონ რეალური სიტუაცია ამ რესპუბლიკებში, უბრალოდ იქ უნდა ჩავიდნენ. როგორც ამბობენ, სიმართლე უფასოა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ფასი აქვს და ექვივალენტურია იმ ბილეთის ღირებულებისა, რომელიც შეგიძლია, იყიდო, ჩახვიდე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰკითხო, რას ფიქრობენ რეგიონში და მათ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე, როგორ აფასებენ საკუთარ რეალიებს და მათ ნაცვლად არ მოიგონო მთელი ისტორია“, - დასძინა  ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადება არ ყოფილა უჩვეულო, სტილიც დაცული გახლავთ, – ასე ეხმიანება ზახაროვას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმი ქეთევან ციხელაშვილი. 

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა მძიმეა. მათი დამოკიდებულების ხარისხი სწორედ რუსეთზე, იმ ძალაზე, რომელიც იქ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ძალიან მაღალია. ამ პირობებში, როდესაც ორივე რეგიონი ფაქტობრივად ალყაშემორტყმულია მავთულხლართებით, შეზღუდულია გადაადგილება და ოჯახები გაყოფილია. მოწოდებები, რომ დასავლელი პარტნიორები იქ ჩავიდნენ და ვითარება საკუთარი თვალით ნახონ, ცინიკურია. თუ საუბარი ჩასვლაზეა, იქ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები უნდა ჩაუშვან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ აქვთ წვდომა. საერთოდ, დავიწყოთ იმ ოჯახებით, რომლებიც გაყოფილი არიან და მშობლები შვილებს ვერ ნახულობენ. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადგილობრივების თავისუფალი გადაადგილება, ჩვენს პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ამ რეგიონებში წვდომა, სადაც ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარება კრიტიკულად მძიმეა“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"