"თქვენ მე არ მიცნობთ... შუშის სასახლემდე გავუძღვები ხალხს"

„ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური და თუ ისინი გამოაცხადებენ პირველ ტურს მოგებულს, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს“, - განაცხადა ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა.


როგორც რულოვსი ამბობს, მზადაა, დაიაროს სოფელ-სოფელ, როგორც თავის დროზე ეს ზვიად გამსახურდიამ გააკეთა და თბილისში ბიძინა ივანიშვილის „შუშის სასახლემდე“ გაუძღვება ხალხს. 

„ჩვენ გვაქვს მოგებული პირველი ტური და ჩვენ არ დავუშვებთ მეორე ტურს იმიტომ, რომ არ გვჭირდება... ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით... რატომ?

იმიტომ რომ - ჩვენ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ. თუ ისინი მაინც პირველ ტურს გამოაცხადებენ, ვისაც უნდა გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი. მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა მაშინ, რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადასადგმელად და მე თუ არ გამომყვებიან თბილისამდე, იმ შუშის სასახლემდე, მე არ ვიცი... თქვენ იცით, რაც გელოდებათ. მე არ გირჩევთ, რომ პირველ ტურში გამარჯვებული გამოაცხადოთ... იმიტომ, რომ მე ამისთვის ვარ მზად... რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს. თქვენ კიდევ არ მიცნობთ... ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ“,- ამ სიტყვებით მიმართა სანდრა რულოვსმა ქუჩაში შეკრებილ ამომრჩევლებს.

მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის და ხულოს საარჩევნო ოლქებში. კობახიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზუგდიდის შემთხვევაში არ არსებობს მეორე ტურის მოსალოდნელობა და პირველსავე ტურში გაიმარჯვებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი - გეგა შენგელია. ცოტა ხნის წინ იგივე გაიმეორა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში ცალკე მიიღებს მონაწილეობას"