ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2019 წლის 2 ივლისის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ბრალდებულ ნიკანორ მელის მიმართ დამატებით გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი. პირველი მომართვისთანავე, ნიკანორ მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა გამოცხადებულიყო საქართველოს პარლამენტში და განეხორციელებინა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, მას აქვს სრულყოფილი კომუნიკაცია მედიასთან საცხოვრებელი სახლიდან. გენერალური პროკურატურის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, 2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"