ცხინვალმა სიცილიაში თავის წარმომადგენლად იტალიის მოქალაქე დანიშნა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ სიცილიაში თავის წარმომადგენლად იტალიის მოქალაქე კარმელო ტინდარო სკალიზი დანიშნა.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ უკანასკნელის ფუნქციებში „იტალიასა და სამხრეთ ოსეთს შორის კონტაქტების დამყარება, ერთობლივი ჰუმანიტარული და ეკონომიკური პროექტების რეალიზებისთვის გზების ძიება, ტურიზმისა და კულტურული გაცვლის საკითხებში თანამშრომლობა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონტაქტირება, იტალიელ და ოს ხალხებს შორის მეგობრობის განვითარება, ასევე სხვა ქვეყნების იტალიაში აკრედიტებულ ოფიციალურ წარმომადგენლებთან კავშირების დამყარება“ შევა.

კარმელო ტინდარო სკალიზი 1980 წელს კატანიაში დაიბადა. 1999 წელს იქვე მიიღო გეოდეზისტის განათლება. 2015 წელს რომში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და 2018 წელს კი შეუერთდა მადრიდის ადვოკატთა კოლეგიას, სხვადსხვა წლებში მოღვაწეობდა კატანიის გეოდეზისტების კოლეგიის კომისიებში, იყო ამავე რაიონის საქალაქო საბჭოს წევრი. ამჟამად არის ქალაქ რანდაცოს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „სიცილიაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლის დანიშნვას  ვერანაირი სამართლებრივი სტატუსი ვერ ექნება იტალიაში“.   

„სიცილიაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლის დანიშვნა, არის მხოლოდ „სახელმწიფოებრივობანას“ თამაში და ბუნებრივია მას ვერანაირი სამართლებრივი, მით უმეტეს დიპლომატიური სტატუსი ვერ იქნება იტალიაში, ქვეყანაში, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარებში“, – განუცხადა „აქცენტს“ საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქსტატი - საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია