ვანიშვილი – ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს: "მითხარით, როგორ მოვიქცე, როდემდე ვიყო ეგრე?"

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან – ხურვალეთში იმყოფებოდა და საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დავით ვანიშვილს გაესაუბრა. ვანიშვილმა სტუმარს არსებული მძიმე ვითარება პირადად გააცნო, უთხრა, რომ ეზღუდება გადაადგილების უფლება, მიუხედავად უკიდურესი საჭიროებისა.  

„ჩემი გოგო მირეკავს, შორიდან მაინც დავინახავდე დედასო, მაგრამ მეშინია, რომ დამიჭირონ და წამიყვანონო. ასე უთხრეს, თუ დაგინახეთ, მეტროზე ახლოს მოსული, ცხინვალში კი არა, რუსეთში წაგიყვანთ და შეგაგდებთ კამერაშიო. ცოდო არ ვარ? პატიმარი ვარ, არსად მიშვებენ, 88 წელიწადია, აქა ვცხოვრობ – საქართველოში, ახლა გავხდი რუსეთის? ნაკვეთები მეორე მხარესაა. სხვები ამუშავებენ და მე არაფერს მაძლევენ. რა ვჭამო, როდემდე ვიყო ეგრე. დედაკაციც მყავს აგერ ცუდად და არ მიშვებენ, გორში წავიყვანო ან თბილისში, რომ ექიმებს ვაჩვენო. მითხარით, როგორ მოვიქცე, თუ არაფერი მეშველება, თავი მაინც მოვიკლა. აი, იქით რომ დიდი ჭადარია, იქ ჩემი ნაკვეთებია, დავამუშავო მინდა და ცოტა ლუკმა ვჭამო“, – მიმართა, პირველი არხის ცნობით, დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.

მუნმა ვანიშვილს სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა: 

„ჩვენი საქმეა, დავაკვირდეთ აქ მიმდინარე პროცესებს, დავსვათ კითხვები და გავიტანოთ ამ ადამიანის საუბარი ჩვენს შემდგომ შეხვედრაზე ლონდონში. ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე გპირდებით, ჩვენ არ დავწერთ მხოლოდ ანგარიშს და ეს იქ არ დამთავრდება, არამედ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რომ აქ მიმდინარე პროცესები უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდეს გასაგები“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"