კახეთში ყურძნის დღე–ღამური გადამუშავების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღეღამის განმავლობაში კახეთის რეგიონში 40-მდე ღვინის საწარმომ 6 ათასამდე ტონა ყურძენი გადაამუშავა.  ეს არის მიმდინარე რთველის სეზონის პიკური დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი, რაც მიანიშნებს რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაში შევიდა.

რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირდა ღვინის მწარმოებელი 220 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

13 სექტემბრის 14.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 30 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 15,4 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი, 2,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

ამ ეტაპზე ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია ყვარლისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში: 8-8 ათას ტონამდე.

ყურძნის გადამუშავების პროცესში დღეს 40-მდე ღვინის საწარმო იქნება ჩართული გურჯაანის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. 

წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებმა  ყურძნის ორგანიზებულად და შეუფერხებლად ჩაბარება შეძლონ. 

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა საფრთხეს ელის საქართველო სირიიდან – სუს–ის უფროსის ანალიზი