აქცია "სირცხვილიას" მონაწილესა და ქუცნაშვილს შორის ინციდენტი მოხდა

„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსა და  ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილიას“ მონაწილე ირაკლი არეშიძის შორის ინციდენტი მოხდა. ინფორმაცია ცნობილი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებისგან გახდა. ერთ–ერთი მათგანი  – სოფო კუჭავა თავად ირაკლი არეშიძეზე დაყრდნობით ჰყვება, რომ არეშიძე გონიოს სანაპიროზე იმყოფებოდა და შემთხვევით შეხვდა ზაქარია ქუცნაშვილს და არეშიძემ ქუცნაშვილთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რასაც ქუცნაშვილის მეუღლის გაღიზიანება მოჰყვა.  

„როგორც ერთ–ერთმა გაბრაზებულმა მოქალაქემ, მან ქუცნაშვილს უთხრა, რომ ის „გავრილოვის ღამის“ ერთ–ერთი დამნაშავეა და რომ არის „რუსეთის მონა“. ეს ვერ მოითმინა ქუცნაშვილის მეუღლემ და თავს დაესხა მოქალაქეს. კიდე ერთხელ გვინდა, ვთქვათ, რომ გაბრაზებული მოქალაქეები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები შეეცდებიან, თავიანთი პროტესტი სიტყვიერად მაინც დააფიქსირონ, მათ კი თმენის ვალდებულება აქვთ: რადგან მან [ქუცნაშვილმა] აიღო პასუხისმგებლობა, თქვა, რომ დამნაშავეა, კეთილი ინებოს და მოუსმინოს გაბრაზებულ მოქალაქეს, რომელიც სამართლიან პროტესტს გამოხატავს“,– განაცხადა კუჭავამ. 

ინციდენტს იხსენებს თავად არეშიძეც:  

„სასტუმროში ვიყავი, სადაც ზაქაია ქუცნაშვილი ისვენებდა. აივნიდან ვეძახდი, „თქვენ ხართ გავრილოვის მონა, რომ თქვენს გამო ხალხი ციხეში ზის, რომ ხალხს თვალები აქვს დათხრილი, თქვენ კი აქ ისვენებთ“. „აბა ჩამოდი ერთიო“, ზაქრო მეუბნებოდა. მოგვიანებით ჩავედით, დამინახეს, მომმვარდა მისი ცოლი, „ვის უთხარი მონაო“ და მთხლიშა სახეში. ვუთხარი, რომ ამისთვის პასუხს აგებდნენ“. 

ამ დროისთვის არეშიძე გონიოს სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა. თავად აღნიშნული ვიზიტის ერთ–ერთი მასპინძელი და ორგანიზატორი საქართველოში სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იყო. განვითარებული მოვლენების შემდეგ ის იძულებული გახდა, თანამდებობა პარლამენტში დაეტოვებინა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ეხებოდა, თუმცა საბოლოოდ გახარია დააწინაურეს და ამჟამად ის ქვეყნის პრემიერ–მინისტრია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობას ADB დააფინანსებს