ანთაძე ერგნეთში შეხვედრის შემდეგ: „პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია“

ერგნეთში გამართული მორიგი ტენიკური შეხვედრა კვლავ  კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ განუცხადა, მხარეებს კვლავ დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა არსებობს კონსესუსი დიალოგის გაგრძელების თაობაზე.

„ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ცნობილია და ის ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ იმ გარანტიებთან ერთად, რომელიც წარმოდგენილი გვქონდა წინა ტექნიკურ შეხვედრებზე. პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია: ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო გააგრძელებს ფუნქციონირებას და მისი მიზანია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა. ამასთან, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მოვითხოვეთ, კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო მშენებლობის შეწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერებულ იქნა დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, ამ საკითხზე კონსესუსი მიღწეული არ არის“,– განაცხადა ანთაძემ.

შეთანხმება ვერ იქნა მიწეული გადასასვლელების გახსნასთან დაკავშირებითაც. როგორც ანთაძე აბობს, ცენტრალური ხელისუფლება პარტნიორებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს და მუშაობას გააგრძელებს, რათა გადასასვლელების გახსნის საკითხი გადაწყდეს. როგორც ცნობილია, ოსური მხარე ამ თემას ჩორჩანას მოვლენებს უკავშირებს. 

შემდეგი შეხვედრის თარიღი ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის და ის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით დაზუსტდება. 

ერგნეთში მსგავსი შეხვედრა ბოლოს 6 სექტემბერს შედგა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოსურმა უშიშროებამ განაცხადა, რომ საქართველოს შსს–ს ძალები დე ფაქტო საზღვრის ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე გააქტიურდნენ. 

კერძოდ, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 

  • სოფელ ღრომის მიმდებარედ, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქრთველოს შსს–ს თანამშრომლები გარემოს რეკოგნოსცირებისა და ბლოკ–საგუშაგოს მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებენ; 

  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიდამოებში ქართული პოლიციის პირადი შემადგენლობის რიცხოვნობა 8–დან 40–მდე გაიზარდა. ბლოკ–საგუშაგოზე განათავსეს ერთი ჯავშანმანქანა „ოთოქარ კობრა“ და 4 მანქანა „ტოიოტა ჰაი ლუქსი“;

  • გორის მუნიციპალიტეტის სოფლების აძვისთავისა და ახალუბნის საგუშაგოებზე პირადი შემადგენლობის რაოდენობა 6–ან 12–მდეა გაზრდილი; 

  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში დაწყებულია საპოლიციო საგუშაგოს სამშენებლო სამუშაოები.

ოსური უშიშროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "აქცენტი" სუს–სა და შსს–ს დაუკავშირდა და კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ცნობისთვის:  აგვისტოს ბოლოს თბილისმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული პოლიციის საგუშაგო განათავსა. საპასუხოდ  ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და თბილისის უარის შემდეგ, სოფელ წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა თავადაც დაიწყო. 

საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და მის გადატანას ამ ეტაპზე არ აპირებს.

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, ქართული პოლიციის საგუშაგო „უკანონოდ მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“. ჯიოევის ინფორმაციით, ოსური მხარის წინადადებაა, რომ საგუშაგო აიღონ და წნელისსა და ჩორჩანას შორის ადგილი გამოცხადდეს უსაფრთხოების ზონად, სადაც არც ერთი მხარის საგუშაგო არ იქნება.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ახალგორში დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად საშვების გაცემა განახლდა